გავრცელებული ინფორმაციით, თუ ალისონ ბეკერი ლივერპულში მომდევნო სეზონშიც დარჩება, მერსისაიდული კლუბი, შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილის იჯარით გაშვებას დათანხმდეს.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ხოსე ანტონიო გარსია ერნანდესის ცნობით, ქართველი გოლკიპერის დაბრუნებით ვალენსია ინტერესდება და ესპანური კლუბი ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდა.
ამ ეტაპზე 26 წლის მეკარეს ლივერპულის დატოვება არ სურს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მამარდაშვილი კიდევ ერთი სეზონით სათადარიგო მეკარის სტატუსს შეეგუოს.
რაც შეეხება ალისონს, ბრაზილიელ ფეხბურთელს ინგლისურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა მან მერსისაიდულ გრანდში დარჩენის სურვილი საჯაროდ უკვე გამოთქვა.
შესაბამისად, ქართველი გოლკიპერის მომავალი დიდწილად ალისონის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.