2 საათის და 11 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ხალხო, უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა" ჯიკიჩმა შენგელიაზე ისაუბრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ თორნიკე შენგელიას ასპარეზობაზე ისაუბრა.

სერბმა სპეციალისტმა ეროვნული გუნდის კაპიტნის თავდადებაზე გაამახვილა ყურადღება და მისი თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა.

„თორნიკეზე არ ვიცი, რა ვთქვა. მისი დასვენებისთვის გარკვეული მეთოდები გვაქვს შემუშავებული – ამისთვის წუთშესვენებებს, საჯარიმო ტყორცნებსა და ვიდეოგამეორების მოთხოვნის დროს ვიყენებთ.

მან წინა საღამოსაც ითამაშა, სასტუმროში დილის ოთხ საათზე მივიდა, დღეს კი მოედანზე 44 წუთი გაატარა. სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ იდაყვის პრობლემა ჰქონდა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვეკითხებოდი, სჭირდებოდა თუ არა შეცვლა, მპასუხობდა, რომ კარგად იყო. საბოლოოდ, მან 25 ქულა დააგროვა. ხალხო, არ ვიცი, რა ვთქვა“, – განაცხადა ჯიკიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთთან შეხვედრაში შენგელიამ 25 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრებმა კი მეტოქე ოვერტაიმში 92:88 დაამარცხა.