საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საბერძნეთი სტუმრად ოვერტაიმში 92:88 დაამარცხა და მსოფლიო პირველობის საგზურის მოპოვებას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს გამართავს და თბილისში პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლებს.
საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე სამი ტურით ადრე საქართველოს, ესპანეთსა და უკრაინას ექვს-ექვსი გამარჯვება აქვთ, პორტუგალიას – ხუთი, საბერძნეთსა და მონტენეგროს კი – ოთხ-ოთხი.
პორტუგალიასთან გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი უშუალო კონკურენტს ორი მოგებით ჩამოიტოვებს და ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა ექნება, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ოფიციალურად მაინც ვერ გაინაღდებს.
საქმე ისაა, რომ პორტუგალიას დასკვნით ორ ტურში ესპანეთთან და უკრაინასთან მოუწევს დაპირისპირება. ორივე მეტოქე პორტუგალიელებს ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავთ. შესაბამისად, თეორიულად კვლავ არსებობს სამი გუნდის შვიდი გამარჯვებით დასრულების ალბათობა. ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული შედეგები და ჩაგდებულ-მიღებული ქულების სხვაობა იქნება.
სამაგიეროდ, პორტუგალიის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს დარჩენილ ორ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება დასჭირდება, რათა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური სხვა გუნდების შედეგების მიუხედავად მოიპოვოს.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მსოფლიო პირველობაზე სამი საუკეთესო გუნდი გავა. თავად ჩემპიონატი კი 2027 წელს კატარში გაიმართება.