საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პირველი არხის გადაცემაში „მიდის სანახავად“ ეროვნულ გუნდში არსებულ ვითარებაზე, ბოლო პერიოდში დაფიქსირებული წარუმატებლობის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ქართველი სპეციალისტის განცხადებით, ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და მარტიდან გუნდში რამდენიმე ახალ ფეხბურთელს ვიხილავთ.
„ყველა მწვრთნელს საკუთარი ხედვა გააჩნია და აუცილებლად ახალი გუნდი ჩამოყალიბდება – ნაკრებში მარტიდან ახალი სახეები იქნებიან. დღეს კონკრეტულ გვარებზე საუბარი გამიჭირდება. მონახაზში ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე მოთამაშეა. ეს არ ნიშნავს, რომ ეროვნული გუნდის ბირთვზე უარს ვამბობთ, მაგრამ გუნდში ისეთი მენტალიტეტის მქონე მოთამაშეები უნდა იყვნენ, როგორებიც მას სჭირდება.
კრიზისი ბოლო თვეებში არ წარმოქმნილა. ეს ცოტა ადრე დაიწყო, როდესაც ჩვენი ყველაზე დიდი ოცნება ავიხდინეთ და ევრო 2024-ზე ვითამაშეთ. ეს ქართული ფეხბურთისა და მთლიანად ქვეყნის უდიდესი წარმატება იყო. შემდეგ საქმე ისე ვეღარ წარიმართა. ეს მენტალური მხარეა, რომელიც მუდამ გვახასიათებდა – დიდ წარმატებას ყოველთვის ჩავარდნა მოჰყვებოდა.
ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ფეხბურთელი საქმეს რამეს აკლებს, მაგრამ ფაქტია, რომ აღარ ვართ ისეთივე მოტივირებულები, როგორებიც ევროპის ჩემპიონატის დროს ვიყავით. ამასაც აქვს ახსნა – ეს ბიჭები გაიზარდნენ, ნაწილი წავიდა და ახლა თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს. ამ მიმართულებითაც სამუშაო გვაქვს, რათა გამოჩნდეს მოთამაშე, რომელიც ლიდერობას საკუთარ თავზე აიღებს.
ამ შეკრებაზე კვარაცხელია და კიტეიშვილი გვაკლდნენ და გაგვიჭირდა. ვერ ვიტყვი, რომ ვინმე რაღაცას არასწორად აკეთებს, მაგრამ როდესაც ამბიცია იზრდება, შესაბამისი თამაშიც მოგვეთხოვება. ამაზე ბევრი გვაქვს სამუშაო. წარსულის წარმატებები უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ყველაზე მთავარია, რა არის დღეს და რა იქნება ხვალ.
ტოპლიგებში ქართველი ფეხბურთელების დიდი რაოდენობა ძალიან კარგია, მაგრამ გასათვალისწინებელია თითოეული მათგანის სათამაშო პრაქტიკა და მდგომარეობა. თუ ამ ყველაფერს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრ ჩვენს ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვს“, – განაცხადა სვანაძემ.