კატალონიის ბარსელონა პარის სენ-ჟერმენის მარცხენა მცველის, ნუნო მენდეშის გადაბირებით ინტერესდება, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Nacional-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელი ჟოან ლაპორტასა და დეკუს ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. კატალონიელები უახლოეს მომავალში 24 წლის მცველთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ.
თავის მხრივ, ლუის ენრიკეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა არ სურს. ესპანელმა სპეციალისტმა პარიზული კლუბის პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის მენდეშთან კონტრაქტის გახანგრძლივება სთხოვა.
ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შესაძლოა, პორტუგალიელის წლიური ანაზღაურება 20 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
ცნობისთვის, მენდეშს პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი საბაზრო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს.