3 საათის და 59 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

VIDEO: გადაუარა - გენო პეტრიაშვილმა RAF-ში კუბელი მეტოქე დაამარცხა და ტიტულისთვის იბრძოლებს

პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაციის, Real American Freestyle-ის (RAF) მე-15 ღონისძიებაზე კუბელი იონგერ ბასტიდა ანგარიშით 6:0 დაამარცხა.

ქართველმა მძიმეწონოსანმა მეტოქეს ოთხჯერ დაატოვებინა საჭიდაო ხალიჩის საზღვრები, კიდევ ორი ქულა კი წარმატებული კონტრშეტევით მოიპოვა და შეხვედრა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა.

ჩიკაგოში მოპოვებული გამარჯვებით პეტრიაშვილი მძიმე წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრის ოფიციალური პრეტენდენტი გახდა და ტიტულისთვის ამერიკელ უაიატ ჰენდრიქსონს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19 დეკემბერს, ნიუ-იორკში, RAF 16-ის ღონისძიებაზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილისთვის ეს ორგანიზაციაში მეორე გამარჯვებაა. ქართველმა მოჭიდავემ ივლისში, საქართველოში გამართულ სადებიუტო შეხვედრაში ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ამერიკელი ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა.

პეტრიაშვილს RAF-ში ჩატარებულ ორ შეხვედრაში ჯამში 16 ქულა აქვს მოპოვებული, მეტოქეებისთვის კი არცერთი ქულა არ დაუთმია.