3 საათის და 44 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეები ევრო 2028-ის შესარჩევ ეტაპზე ცნობილია

ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისთვის ეროვნული ნაკრებები ხუთ კალათაში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამაზ სვანაძის გუნდი შესარჩევ ეტაპზე რამდენიმე ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდება.

უეფას ოფიციალური ინფორმაციით, წილისყრა 6 დეკემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებთან ერთად მესამე კალათაში მოხვდნენ უკრაინა, შოტლანდია, კოსოვო, პოლონეთი, ისრაელი, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია და სლოვაკეთი.

რაც შეეხება პირველ კალათას, მასში ევროპის წამყვანი საფეხბურთო ნაკრებები არიან: ინგლისი, პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ნორვეგია, საბერძნეთი, იტალია, დანია და ხორვატია.

მეორე კალათაში მოხვდნენ უელსი, სერბეთი, თურქეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, შვედეთი, ავსტრია, ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვენია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, უნგრეთი და ირლანდია.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი და მეორე კალათებიდან თითო მეტოქე ეყოლება, ხოლო მესამე კალათაში მყოფ ნაკრებებს ვერ შეხვდება.

შესარჩევ ეტაპზე სულ 54 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 12 ჯგუფში გადანაწილდებიან. ექვსი ჯგუფი ოთხგუნდიანი იქნება, ხოლო დანარჩენი ექვსი – ხუთგუნდიანი.

ჯგუფების გამარჯვებულები და მეორეადგილოსნებიდან საუკეთესო რვა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირდაპირ მოიპოვებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2028 წლის ჩემპიონატს ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ირლანდია უმასპინძლებენ. საქართველოს ნაკრები კი კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეორედ გასვლას შეეცდება.