3 საათის და 9 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ქართველია, ესპანელია თუ გერმანელი?" - პედი პიმბლეტის განცხადება

UFC-ის ბრიტანელმა მებრძოლმა პედი პიმბლეტმა ილია თოფურია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ინგლისელმა სპორტსმენმა ჯო როგანის პოდკასტში ქართველ მებრძოლზე ისაუბრა და მისი პოპულარობა და გულშემატკივრებთან ურთიერთობა ეჭვქვეშ დააყენა.

პიმბლეტის განცხადებით, თოფურია ცდილობს, ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში მოიპოვოს გულშემატკივრების მხარდაჭერა. ბრიტანელმა ასევე აღნიშნა, რომ ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ ქართველის პოპულარობა ესპანეთში შემცირდა.

„ქართველია, ესპანელია თუ გერმანელი? ერთი აირჩიე, მეგობარო, სამივე ერთად ვერ იქნები. შეწყვიტე სამი სხვადასხვა ქვეყნიდან გულშემატკივრების მოზიდვის მცდელობა.

როგორც გავიგე, ესპანეთში მას უკვე ბევრი ადამიანი განუდგა. გარკვეული უკმაყოფილება ჯასტინთან მარცხამდეც არსებობდა, მაგრამ მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

თუ მას შევებრძოლები და კიდევ ერთხელ დამარცხდება, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. საერთოდ აღარავინ დარჩება, ვინც მას უგულშემატკივრებს“, – განაცხადა პიმბლეტმა.

აღსანიშნავია, რომ პედი პიმბლეტსა და ილია თოფურიას შორის დაძაბული ურთიერთობა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. მებრძოლები ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ სიტყვიერად, თუმცა ოქტაგონზე მათი შეხვედრა ჯერჯერობით არ შემდგარა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ პროფესიულ კარიერაში პირველი მარცხი 2026 წლის 14 ივნისს, UFC Freedom 250-ზე, ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ განიცადა. შეხვედრა მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.