საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია თბილისში, ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე ემოციური ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მეხანძრე-მაშველია გამოსახული, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი ბავშვი უჭირავს.
შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს, ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც შენობის ნაწილის ნგრევა მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.
შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, ხოლო ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვის ცოცხლად გადარჩენა შეძლეს.
კვარაცხელიამ მომხდარ ტრაგედიას სწორედ ამ სიმბოლური ფოტოს გამოქვეყნებით გამოეხმაურა და მძიმე წუთებში დაზარალებულების მიმართ თანადგომა გამოხატა.
