UFC-ის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია ოქტაგონზე დასაბრუნებლად ემზადება. „დამპყრობელი“ 21 ნოემბერს, კატარის დედაქალაქ დოჰაში გასამართ ტურნირზე მექსიკელ სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდება.
ბრძოლის წინ თოფურიამ საკუთარ მზადყოფნაზე, მეტოქის შესაძლებლობებსა და ერთწლიან პაუზაზე ისაუბრა. ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ გამარჯვებისთვის მოტივირებულია და სჯერა, რომ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას ოქტაგონზე შეძლებს.
„ძალიან მშიერი ვარ! სანტიაგო ლუნას არცერთი უნარის არ მეშინია. ჩემს ყველა მოწინააღმდეგეს პატივს ვცემ. მათ ჩემი დამარცხება სურთ, მაგრამ ამას არ დავუშვებ.
მთელი წელი გავიდა, თუმცა ეს არ ყოფილა გაჩერებული ან დაკარგული წელი. ეს იყო გრძელი გზა და სწავლის პროცესი.
ყურადღებას არ ვაქცევ სხვების ლაპარაკს. თუ საუბარია იმაზე, ვინ არის უკეთესი, მაშინ ეს სიტყვებით კი არა, საქმით უნდა დავამტკიცო. 21 ნოემბერს ყველაფერი გამოჩნდება.
ყველას მოგიწოდებთ, ჩართეთ ტელევიზორები და მოემზადეთ. საინტერესო საღამო გველოდება!“ – განაცხადა თოფურიამ.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე თოფურიას ბოლო ბრძოლა 2025 წლის 22 ნოემბერს ჰქონდა, როდესაც UFC-ის ტურნირზე ბეკზატ ალმახანი დაამარცხა. შესაბამისად, ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდება.
რაც შეეხება სანტიაგო ლუნას, მექსიკელი მებრძოლი პროფესიულ კარიერაში ცხრა ჩატარებული ბრძოლით, რვა გამარჯვებითა და ერთი მარცხით ხვდება დაპირისპირებას.
თოფურიასთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება, რომ წარმატებული სერია გააგრძელოს და UFC-ის უმსუბუქესი წონის დივიზიონში საკუთარი პოზიციები გაიმყაროს.