თბილისში გამართული მატჩის შემდეგ, სადაც ერთმანეთს „ბარსელონას“ ლეგენდები და GEO11-ის გუნდი დაუპირისპირდნენ, შოთა არველაძემ „ლეგენდების სერიის“ გაგრძელებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო სტუმარი მადრიდის „რეალი“ იქნება.
„ეს პროექტი ახლა იწყება და მიზანი გვაქვს, რომ ეტაპობრივად განვავითაროთ. ჩემი მეგობრებისა და სპონსორების მხარდაჭერით ამ საქმის ერთ-ერთი წამყვანი ვარ. ბევრი ადამიანი გვიდგას გვერდში და გვინდა, რომ მსგავსი შეხვედრები თბილისში და ზოგადად, საქართველოში სისტემატური გახდეს.
თუ რომელიმე ცნობილ ფეხბურთელს აქვს სურვილი და შესაძლებლობა, ჩამოვიდეს და ჩვენი გულშემატკივარი გაახაროს, ჩვენ მზად ვართ, ეს ყველაფერი შევუთანხმოთ და განვახორციელოთ.
კითხვაზე, ვიმყოფებით თუ არა „რეალთან“ მოლაპარაკებაში, პასუხი ერთმნიშვნელოვანია – უკვე მიღწეულია შეთანხმება. მატჩი 2026 წელს გაიმართება და „ლეგენდების სერიის“ შემდეგი სტუმარი სწორედ მადრიდის „რეალი“ იქნება“, – განაცხადა არველაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.