კონფერენს ლიგის ფაზის მეოთხე ტურის მატჩი „იბერიასა“ და „ხეტაფეს“ შორის მასპინძელთა სენსაციური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. შეხვედრის მთავარი გმირი გიორგი ქობულაძე გახდა, რომელმაც თამაშის ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
ამ წარმატებით საქართველოს 0.5 სარეიტინგო ქულა შეემატა, რითაც უეფას საკლუბო რეიტინგში ესტონეთს გავუთანაბრდით და ახლა 49-ე პოზიციას ვიყოფთ. „იბერიას“ მიერ მოპოვებული ქულების წყალობით, ქვეყანამ ევროტურნირებზე ოთხი გუნდით ასპარეზობის უფლება ოფიციალურად დაიბრუნა.
მნიშვნელოვანია ფინანსური სარგებელიც. უეფას წესდების თანახმად, კონფერენს ლიგის ფაზაზე მოხვედრისთვის კლუბი 3 170 000 ევროს გამოიმუშავებს, თითოეული გამარჯვება ბონუსის სახით 400 000 ევროთი ფასდება, ხოლო ფრე — 133 000 ევროთი.
ვინაიდან მიმდინარე სეზონში „იბერიას“ ანგარიშზე ერთი მოგება, ერთი ფრე და ორი მარცხია, თბილისურ კლუბს უეფასგან უკვე 3 703 000 ევრო აქვს გარანტირებული.
შეგახსენებთ, რომ ევროტურნირების ამ ეტაპზე „იბერიას“ კიდევ ორი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი — საკუთარ მოედანზე „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს, ხოლო სტუმრად „იაბლონეცს“ დაუპირისპირდება.