ევროპა ლიგის მეხუთე ტურში, ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ჰაპოელ ბეერ-შევას შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თურქული მედია ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემა Haberler-ის ცნობით, თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ჩართულობის შედეგად, საქართველოში დაკავებული თურქი გულშემატკივრების თითქმის სრული უმრავლესობა გათავისუფლდა.
ამასთან, თურქული გამოცემა იუწყება, რომ ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანილი თურქეთის ორი მოქალაქე ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს თანამშრომლების ზედამხედველობით კლინიკიდან გაეწერა.
მოგვიანებით, თურქულმა სახელმწიფო მაუწყებელმა TRT Haber-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დაკავებული 16-ვე გულშემატკივარი გათავისუფლებულია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბეშიქთაშის გულშემატკივართა ნაწილი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, აზიანებდა სტადიონის ინფრასტრუქტურას და ფიზიკურად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს.
უწყების ცნობით, დაპირისპირების შედეგად სამი პოლიციელი დაშავდა, სამართალდამცველებმა კი 16 პირი დააკავეს.