საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც ფრანგული გამოცემა ParisTeam იტყობინება, ქართველ ფეხბურთელს სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და მისი გამოჯანმრთელების ტემპი განსაკუთრებით დამაიმედებელია.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ გამართულ შეხვედრაში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ქართველმა შემტევმა ოპერაცია 27 ოქტომბერს, კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე Aspetar-ის სამედიცინო ცენტრში წარმატებით გაიკეთა.
ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, კვარაცხელია სარეაბილიტაციო პროცესს შესანიშნავ პირობებში აგრძელებს და მოედანზე რაც შეიძლება სწრაფად დასაბრუნებლად აქტიურად მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ თავადაც ისაუბრა ტრავმის შესახებ და აღნიშნა, რომ დაახლოებით ექვსთვიანი პაუზა ელოდება.
მიუხედავად გამოჯანმრთელების კარგი ტემპისა, ამ ეტაპზე კვარაცხელიას დაბრუნების კონკრეტული თარიღი უცნობია. ყველაფერი სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობასა და სამედიცინო შემოწმებების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.