„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს ბოლო პერიოდში თამაში არ მისდის. ბოლო ხუთ მატჩში მან ჯამში მხოლოდ 24 ქულის დაგროვება შეძლო, რაც სროლების დაბალი პროცენტით არის გამოწვეული.
აღნიშნულ საკითხზე „მამუმ“ ადგილობრივ მედიასთან გულახდილად ისაუბრა და გაიხსენა, თუ როგორ ცდილობს კრიზისის დაძლევას: „წარუმატებელი საღამო მქონდა, სროლები არ წამივიდა. მატჩის დასრულებისთანავე, პირდაპირ სათამაშო ფორმით დავრბაზში მოვედი, რადგან საკუთარ თავზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი და გადავწყვიტე, სროლებზე დამატებით მევარჯიშა“.
მამუკელაშვილის თქმით, ვარჯიშის დასრულების შემდეგ განსაკუთრებული მოტივაცია კობი ბრაიანტის მემკვიდრეობამ მისცა: „როდესაც სროლას მოვრჩი, მაღლა ავიხედე და კობი ბრაიანტის მუდამ განათებული ბანერი დავინახე. გავიფიქრე, რომ კობისაც ექნებოდა კარიერაში მსგავსი ჩავარდნები და ეს ნებისმიერი მოთამაშისთვის ბუნებრივი პროცესია“.
ქართველმა ფორვარდმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯეი ჯეი რედიკის რჩევაც გაიხსენა, რომელმაც მას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა: „რედიკმა ცოტა ხნის წინ მითხრა, რომ სროლების მხრივ რთული პერიოდები თავადაც ჰქონია. კონკრეტული სტატისტიკა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ წარუმატებელი მატჩები მის კარიერაშიც ყოფილა“.
სანდროს აზრით, ლეგენდარული კობი ბრაიანტი მის ამჟამინდელ სტატისტიკას იუმორითა და გამხნევებით შეხვდებოდა: „ვფიქრობდი, ალბათ კობის გაეცინებოდა, რომ მეთქვა, 10-დან 1 ან 8-დან 1 ბურთი ჩავაგდე-მეთქი. მეტყოდა, რომ უბრალოდ სროლა გამეგრძელებინა“.
კალათბურთელი მიიჩნევს, რომ „ლეიკერსის“ გარემო და „მამბას მენტალიტეტი“ მას ფსიქოლოგიური წნეხის მოხსნაში ეხმარება: „ამ დარბაზში ყოფნა და მამბას მენტალიტეტზე ფიქრი საოცარ ძალას გაძლევს. ხვდები, რომ არა უშავს, მთავარია პარკეტზე გახვიდე, მაქსიმუმი გაიღო და საკუთარი თავის გჯეროდეს“.
მამუკელაშვილის თქმით, ახლა მისი მთავარი მიზანი შრომის გაგრძელება და იმაზე კონცენტრირებაა, რისი შეცვლაც თავად შეუძლია: „უნდა გააგრძელო სროლაზე მუშაობა და საბოლოო ჯამში აკონტროლო მხოლოდ ის, რისი გაკონტროლებაც შენს ხელშია“.
ცნობისთვის, ბოლო ხუთ შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილის სროლების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: „იუტასთან“ 4-დან 1, „საკრამენტოსთან“ 8-დან 4, „იუტასთან“ განმეორებით მატჩში 10-დან 1, „შარლოტთან“ 8-დან 1 და „ფინიქსთან“ 8-დან 2 ზუსტი ტყორცნა.