17 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"არ აქვს მნიშვნელობა ერთი ერთზე იქნება დაპირისპირება თუ ორი ერთზე" - ისლამ მახაჩევი

UFC-ის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და ნურმაგომედოვების გარემოცვას შორის მომხდარ დაპირისპირებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და უსმან და უმარ ნურმაგომედოვების ქმედებები გაამართლა.

რუსულ მედიასთან საუბრისას მახაჩევმა განაცხადა, რომ ინციდენტის გარშემო ზედმეტად დიდი აჟიოტაჟი ატყდა. მისი აზრით, დაპირისპირების მიზეზი საქართველოში მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც მერაბ დვალიშვილს დაღესტნელ მოჭიდავესთან კონფლიქტი ჰქონდა.

„ეს ყველაფერი ზედმეტად გააზვიადეს. დაღესტანში ჩხუბები ყოველდღე ხდება. საქართველოში მერაბი სამარცხვინოდ მოიქცა. მან ერთ ბიჭს დედა შეურაცხყო. როგორც ვიცი, იმ ბიჭს დედა გარდაცვლილი ჰყავს.

ჩემთვის ეს წმინდა თემაა. არ ვფიქრობ, რომ ჩვენს ბიჭებს რამე არასწორი გაუკეთებიათ. საკუთარ სიტყვებზე პასუხი უნდა აგო. თუ ზღვარს გადახვალ, შესაბამის რეაქციასაც უნდა ელოდო.

როდესაც შენს ღირსებას შეურაცხყოფენ, მნიშვნელობა არ აქვს, ერთი ერთზე იქნება დაპირისპირება თუ ორი ერთზე“, – განაცხადა მახაჩევმა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ისლამ მახაჩევმა ნურმაგომედოვების გარემოცვის ქმედებები გაამართლა. აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მან სოციალურ ქსელშიც გაავრცელა განცხადება და მერაბ დვალიშვილი საქართველოში მომხდარი კონფლიქტის პროვოცირებაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვის გარემოცვას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელშიც საბა ლაზიშვილიც ჩაერთო.