55 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

კლინიკაში გადაიყვანეს! - როგორია ალექსანდრე თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

UFC-ის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნასთან გამართული შეხვედრის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოცემა MMA Mania-ს ინფორმაციით, ქართველი სპორტსმენის ჰოსპიტალიზაცია პრევენციულ ხასიათს ატარებდა.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს, კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ UFC-ის ტურნირზე, ალექსანდრე თოფურია მექსიკელ სანტიაგო ლუნასთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

MMA Mania-ს ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ თოფურია კლინიკაში გადაიყვანეს, რათა თავისა და სახის არეში კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ჩატარებოდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საკმაოდ მძიმე გამოდგა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ლუნამ 142 მნიშვნელოვანი დარტყმა განახორციელა, მაშინ როდესაც თოფურიას ანგარიშზე 65 ასეთი დარტყმა დაფიქსირდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ქართველ მებრძოლს დაპირისპირების საწყის ეტაპზევე სერიოზული პრობლემები შეექმნა. როგორც თავად ალექსანდრემ და მისმა ძმამ, ილია თოფურიამ განაცხადეს, „კონკისტადორმა“ ბრძოლის პირველივე წუთზე მარცხენა მხარი ამოიგდო.

ილიას თქმით, აღნიშნულმა დაზიანებამ მისი ძმის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდა და თავდაპირველი საბრძოლო გეგმის შესრულებაში ხელი შეუშალა.

ალექსანდრემაც დაადასტურა, რომ მხრის ტრავმის გამო დარჩენილი რაუნდების განმავლობაში მარცხენა ხელის სრულფასოვნად გამოყენება აღარ შეეძლო. მიუხედავად ამისა, ქართველმა მებრძოლმა ბრძოლა ბოლომდე გააგრძელა.

სანტიაგო ლუნასთან მარცხი ალექსანდრე თოფურიასთვის UFC-ში პირველი აღმოჩნდა. მან ორგანიზაციაში ჩატარებული საწყისი ორი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, მესამე დაპირისპირებაში კი წარმატებული სერიის გაგრძელება ვერ შეძლო.