ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონას“ შორდება“, — ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Footboom1-ი წერილს „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის შესახებ.
„ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი იყო, რომლის მომავალსაც „ბარსელონას“ უკავშირებდნენ. ზაფხულიდან ქართველი კატალონიელების რადარზე იყო. „ბლაუგრანა“ „ნაპოლის“ თავდამსხმელს პოტენციურ გაძლიერებად მიიჩნევდა, რადგან იტალიურ კლუბთან მისი კონტრაქტის გახანგრძლივება რეალური არ ჩანდა. თუმცა, როგორც ჩანს, ახლა ვითარება შეიცვალა.
„ბარსას“ სპორტულმა განყოფილებამ ასაკის, პოტენციალისა და დაბალი ხელფასის გამო კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერი დადებითად შეაფასა. ქართველის ხელფასი დაახლოებით 1.5 მილიონი ევროა, რაც თანამედროვე ფეხბურთის გამორჩეული მოთამაშისთვის მინიმალური მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, „ბარსელონა“ კარგავს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოთამაშის დამატების შანსს. კვარაცხელიას ფინანსური მოთხოვნები, შესაძლოა, „ბლაუგრანას“ ხელფასების კორექტირებას გამოიწვევს“, — წერს Footboom1-ი.
ამასთან, იტალიურმა გამოცემა Corriere dello Sport-მა მოლაპარაკებებზე სიახლე გაავრცელა. მისი მტკიცებით, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმება უკვე ძალიან ახლოსაა.
„ნაპოლიმ“ და კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, „მწვანე შუქი“ აუნთეს ხელშეკრულების კიდევ ორი წლით, 2027 წლიდან 2029 წლამდე გახანგრძლივებას. ამ შეთანხმებაში შედის ხელფასის კორექტირებაც, ასევე გათავისუფლების პუნქტი. ახალი ხელშეკრულებით, კვარაცხელიას ხელფასი რომელუ ლუკაკუს ანაზღაურებას გაუტოლდება და სეზონში დაახლოებით 6 მილიონ ევროს მიაღწევს“, — წერს Corriere dello Sport.
ეს ახალი კონტრაქტი ხვიჩა კვარაცხელიას კარიერულ განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპად ჩაითვლება და მას კიდევ უფრო გააძლიერებს როგორც ფინანსურად, ისე სპორტულ დონეზე.