საქართველოს თასის გათამაშება ფინალურ ფაზაში გადავიდა. ნახევარფინალური ეტაპის ფარგლებში გამართული დაპირისპირებები საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველ რიგში აღსანიშნავია „გაგრას“ და „სპაერის“ შორის გამართული პენალტების სერია, რომელიც „სპაერის“ გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნული გუნდი ტურნირის ფინალში პირველად ითამაშებს.
ფინალური ეტაპის მეორე საგზურისთვის „კოლხეთი“ და „დინამო თბილისი“ იბრძოდნენ. აღნიშნული მატჩის მოგება „დინამომ“ მათე ვაწაძის გოლით მოახერხა. შესაბამისად, დავით ყიფიანის სახელობის თასის მოსაგებად ფინალში „სპაერი“ და „დინამო თბილისი“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
აღნიშნული მატჩი 5 დეკემბერს, 19:00 საათზე დაიწყება. ფინალურ შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.