ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია სპორტში ახალი წესების დანერგვაზე მუშაობს. ჰოვარდ ვების განცხადებით დადასტურდა, რომ ახალი ნორმატივების დატესტვის რეჟიმი უკვე დაიწყო.
ახალი წესი მწვრთნელებისა და მსაჯების ურთიერთობას საკმაოდ შეცვლის. ფიფას ახალი რეგულაციის ოფიციალურად დანერგვის შემთხვევაში, მატჩის მიმდინარეობისას მწვრთნელებს სათამაშო მომენტების VAR-ით გადახედვის მოთხოვნა შეეძლებათ. მსგავსი მოთხოვნის დაფიქსირება მათ თავდაპირველად ორჯერ შეეძლებათ, ხოლო მსაჯს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების ვალდებულება ექნება.
მსაჯის მიერ სათამაშო მომენტის გადახედვისა და საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მწვრთნელს „ჩელენჯი“ კვლავ შენარჩუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მატჩის ბოლომდე გაუქმებულად გამოცხადდება.
მსგავსი სიახლის დატესტვა ქალთა 17 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში მოხდება. აღნიშნული ტესტირების ფარგლებში მწვრთნელებს ერთი მატჩის მიმდინარეობისას ორი „ჩელენჯის“ აღების უფლება ექნებათ. მსგავსი წესის დანერგვის შემთხვევაში, მწვრთნელები მსაჯის გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ბევრად უფრო თავისუფლად შეძლებენ და ახალი რეგულაციების დაცვის შემთხვევაში წითელი ბარათის მიღების საშიშროებაც აღარ ექნებათ.