1 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

დემჩენკო: "საქართველო უკრაინას ვერ მოუგებს, მატჩი ამ ანგარიშით დასრულდება"

უკრაინულ გამოცემა Sport-express.ua-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გორის „დილასა“ და ბათუმის „დინამოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ ერთა ლიგაზე უკრაინა-საქართველოს ნაკრებების მაოხლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა, გუნდების ლიდერები შეადარა და განაცხადა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდება.

„დიდი ხანია, საქართველოში ვმუშაობ და ჩემთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება სანიოლის გუნდი, რომელიც ფავორიტად მიმაჩნია. ქართველები უმატებენ, ძალიან კარგად ითამაშეს ევრო 2024-ზე, გავიდნენ მერვედფინალში, რასაც მათგან ცოტა მოელოდა და ერთა ლიგა ორი მშვენივრი გამარჯვებით დაიწყეს. ახლა საქართველოს შეჩერება რთული იქნება. გუნდი თამაშიდან თამაშამდე ძლიერდება. საქართველოს ნაკრებში კარგი მიკროკლიმატია და ბიჭები მწვრთნელს ენდობიან.

კვარაცხელია ქართველი შევჩენკოა. ის უკვე გახდა იტალიის სერია A-ს ლეგენდა. საქართველოს დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს, ახალგაზრდობისა და გამოცდილების კარგი სინთეზი. მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა, საიმედო მეკარე კი გუნდის ნახევარია. თუმცა, დანარჩენებიც სოლიდურად გამოიყურებიან. ქართველების ტაქტიკური სქემა და თამაშის სტილი არც თუ ისე გავრცელებულია. კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლიში“ გარემარბია, მიქაუტაძესთან ერთად ნაკრებში თავდასხმაში თამაშობს – ეს დუეტი ძალიან ძლიერია.

საქართველო კონტრშეტევებზე მაქსიმუმ ოთხი მოთამაშით გადადის. ისინი შანს ელიან და შემდეგ ფეთქდებიან. ბურთს მხოლოდ მაშინ აკონტროლებენ, როცა მოწინააღმდეგე ამის საშუალებას აძლევს. სანიოლის გუნდი თამაშობს ხუთი მცველით, მაგრამ რეალურად დაცვაში ექვსი ან შვიდი ფეხბურთელია, სადაც ორი საყრდენი ხშირად ძალიან უკან იხევს. ნახევარდაცვასაც ჰყავს თავისი ლიდერი – გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისური „უოტფორდიდან“. ის შესანიშნავი შემტევი ნახევარმცველიცაა. განსხვავებას ჩაკვეტაძის, ქოჩორაშვილისა და კიტეიშვილის ტრიო ქმნის.

საქართველოს 2021 წლიდან შესანიშნავი მწვრთნელი, ვილი სანიოლი წვრთნის და როგორც ჩანს, თავისი იდეის განხორციელება შეძლო. ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩებიდან დაწყებული ქართველები სტაბილურად თამაშობენ. მან გუნდში დისციპლინაც დანერგა, რადგან თითქმის მთელი პროფესიული კარიერა „ბაიერნში“ გაატარა და მისთვის დისციპლინა ცარიელი ფრაზა არ არის.

დღეს კვარაცხელია მუდრიკზე ორი თავით მაღლა დგას. ის უკვე მოწიფული მოთამაშე, ნამდვილი ბრილიანტი, მუდრიკს კი დახვეწა სჭირდება. მიხაილო ისევ საკუთარ თავს ეძებს, ხვიჩამ კი უკვე იპოვა. თუმცა ნიჭით მუდრიკი კვარაცხელიას არ ჩამოუვარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ფავორიტებად მივიჩნევ, რა თქმა უნდა, უკრაინას ვგულშემატკივრობ და ვფიქრობ, თამაში ფრედ, 1:1 ან 2:2 დასრულდება“, – განაცხადა დემჩენკომ.

Facebook კომენტარები