FIFA.COM-მა საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" 23 წლის ვარსკვლავთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის თარგმანსაც სრულად, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე გთავაზობთ:
კვარასტელა, კვარადისკო, კვარავაჯო. თქვენ აარჩიეთ. ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში გადასვლის მერე ბევრი მეტსახელი შეიძინა, რაც ხალხის იმ აღფრთოვანების გამოხატულებაა, რომლითაც მისდამი ნეაპოლში არიან განწყობილნი.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხვიჩას "ნაპოლიში" ჩარიცხვიდან რამდენიმე თვეში, მან გუნდი ისტორიულ, მესამე სკუდეტომდე მიიყვანა - ბოლო ტრიუმფიდან, რომელიც ნეაპოლს ვინმე დიეგო მარადონამ მოუტანა, 33 წლის შემდეგ - მერე კი საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე მოახვედრა, სადაც მერვედფინალამდეც მივიდა.
ამ მიღწევებმა 23 წლის ფეხბურთელი კლუბშიც გმირად აქცია და ნაკრებშიც, თუმცა გარემარბი მეტისკენ იწევს. კვარაცხელია FIFA-ს საქართველოს მსოფლიო სცენაზე გაყვანის ოცნებაზე, "ნაპოლის" ევროპულ წარმატებაზე, ანტონიო კონტესთან მუშაობაზე, მამობაზე და სხვა თემებზე ესაუბრა.
FIFA: ხვიჩა, შენ ახლახანს გახდი მამა. როგორი გრძნობაა ეს?
ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! მამობამ უდიდესი პასუხისმგებლობა შემძინა. შვილის დაბადება დიდი ბედნიერების მომტანი იყო და სამყაროს ახლა სხვა თვალით ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ამ შეგრძნებას ყველა გამოცდის ცხოვრების განმავლობაში.
FIFA: "ბოლონიასთან" გოლის გატანის მერე, აღნიშვნა შენს შვილს მიუძღვენი. როგორ შეცვალა მამობამ, როგორც ფეხბურთელი?
მოულოდნელად, თავი კიდევ უფრო მოტივირებულად ვიგრძენი. უფრო მეტს შრომობ, რადგან იცი, რომ ყველაფერს შენი ვაჟისთვის აკეთებ. ვიცი, რომ როცა გაიზრდება, ჩემი შვილი ამ ყველაფერს ნახავს და ეს ისე მაბედნიერებს, სიტყვებით ვერ აღვწერ. ეს ემოციები მაძლიერებს. ვცდილობ, რომ ეს გრძნობა მოედანზე გადავიტანო და სწორედ ამიტომ ვუძღვნი გოლებს მას. იმედი მაქვს, მომავალში ისიც ფეხბურთელი გახდება.
FIFA: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც შენს შვილს ასწავლი?
ყველაფერზე მეტად, მინდა, რომ მას სიძლიერე ვასწავლო. ცხოვრება სირთულეებითაა აღსავსე, მაგრამ მათი გადალახვის გზა უნდა იპოვო და ყოველ ჯერზე, როცა დაეცემი, ფეხზე წამოდგე. ჩემი სურვილია, მან ყველა გამოწვევა მიიღოს, რომელსაც ცხოვრება უბოძებს. სხვა განსაკუთრებული რჩევა, რომელსაც ჩემს ვაჟს მივცემდი, არ მაქვს. ჩემი გზაც საკმაოდ რთული იყო და თითოეული დაბრკოლება მიზანსწრაფულობითა და მოწადინებით დავამარცხე. ბედნიერი ვარ იმ გზით, რომლითაც ჯერჯერობით მივლია.
FIFA: როგორი იყავი ბავშვობაში? რაზე ოცნებობდა პატარა კვარაცხელია?
ყოველთვის ვოცნებობდი პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომაზე, ოღონდ თავიდან ეს არარეალური ჩანდა. როდესაც საქართველოს ნაკრების მატჩებს ვუყურებდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს მე ვიდგებოდი მოედანზე, ბავშვები კი ტრიბუნებიდან მიგულშემატკივრებდნენ. ვისწავლე, რომ ცხოვრებაში ყველაფერია შესაძლებელი, თუ საამისო ნებისყოფა გაქვს და მაქსიმუმს აკეთებ, რათა მიზანს მიაღწიო. ოცნებები ხდება. ხვიჩა კვარაცხელიამ აისრულა ფეხბურთელობისა და ეროვნულ ნაკრებში თამაშის ოცნება.
FIFA: რას ნიშნავს შენთვის ის, რომ საქართველოს წარმოადგენ?
მინდა, რომ ჩემი ქვეყნისთვის რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო. იმის შემყურე, რითიც ახლა ვარ დაკავებული, ვფიქრობ, რომ მე ვეხმარები საქართველოს და საქართველო მეხმარება მე. ქართველობა უზომოდ მეამაყება. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ საქართველოში დავიბადე და ამ ისტორიული ქვეყნის შვილი ვარ. რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, მუდამ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი ქვეყანა ვაამაყო.
FIFA: შენ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩში გოლი გაიტანე. რამდენად საოცარი გრძნობა იყო კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაში?
ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოდგა. ვთამაშობდი იმ ფეხბურთელის წინააღმდეგ, რომელსაც ბავშვობიდან ვაღმერთებ. მატჩამდე საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ეს ჩემი მომენტი იყო, რაც მოედანზე უნდა მეჩვენებინა. შენს კუმირთან დაპირისპირება უზარმაზარი მოტივაციაა. იგი ჩემთან მოვიდა და წარმატებები მისურვა. სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი და კიდევ უფრო გამიმყარდა რწმენა, რომ საქართველო გაიმარჯვებდა. იმ საღამოს ყველაფერი გავიღე და ჩემს გუნდს ისტორიული შედეგის დაფიქსირებაში დავეხმარე.
FIFA: 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მომავალი წლის მარტში იწყება. რა მნიშვნელობა ექნება შენთვის იქ ყოფნას?
უკანასკნელ თვეებში ყველას დავანახეთ, რომ საქართველოს ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია. ბოლომდე დავიხარჯებით, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის ოცნება ავიხდინოთ. გვჯერა, რომ კვალიფიცირება შეგვიძლია და მთავარი ესაა. ამ ოცნების რეალობად გარდაქმნისთვის საჭირო ხასიათიც გვაქვს და უნარებიც.
FIFA: არსებობს რომელიმე საფეხბურთო კომპონენტი, სადაც განვითარებას აპირებ?
ყველა ფეხბურთელს აქვს ასპექტი, რომელშიც უნდა გაუმჯობესდეს და გამონაკლისი არც მე ვარ. ეს ვარჯიშითა და თავდაუზოგავობითაა მიღწევადი. დეტალებში არ შევალ და გეტყვით, რომ თამაშის ყველა ასპექტში მინდა განვვითარდე.
FIFA: რა გიბიძგებს იმისკენ, რომ მაქსიმალურად დაიხარჯო, როდესაც მოედანზე ხარ?
ფეხბურთის სიყვარული. მან ყველაფერი მომცა. მოედანზე ფეხის შედგმა თავს თავისუფლად მაგრძნობინებს, ბურთის მიღება კი მაბედნიერებს. გამიმართლა, რომ ვაკეთებ იმას, რისი კეთებაც მიყვარს და მსურს.
FIFA: ანტონიო კონტეს ძალიან უნდოდა, რომ "ნაპოლიში" დარჩენილიყავი. რამდენად გეხმარება მისი ნდობა?
ბედნიერი ვარ, რომ ანტონიო კონტესთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ვიღაცამ მითხრა, რომ ის დიდებული მწვრთნელი იყო, ახლა კი ამას საკუთარ თავზე ვცდი. კონტე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მასთან ერთად კი, როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად ვვითარდები. ვფიქრობ, მისი დახმარებით, მივაღწევ სასურველ შედეგებს საკლუბო დონეზეც და სანაკრებო დონეზეც.
FIFA: შენ ნომინირებული იყავი FIFA-ს The Best-ის ჯილდოზე 2023 წელს. რამდენად გაგაბედნიერა ამან?
ამ ჯილდოზე ნომინირება ლამაზი გრძნობა იყო. ამან მეტი თავდაჯერება და მოტივაცია მომცა, რათა მეჩვენებინა, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ყველაფერს ვიზამ, რომ დიდ სცენაზე დავბრუნდე და დარწმუნებული ვარ, ეს გამომივა კიდეც. ამისთვის ბევრს ვშრომობ და ღრმად მწამს, რომ გაწეული შრომა აუცილებლად დაფასდება.
FIFA: "ნაპოლის" და საქართველოს ნაკრების ფანები ფეხბურთით ცოცხლობენ. ხედავ მსგავსებას ამ ორს შორის?
მთავარი, რაც ამ ორი გუნდის გულშემატკივრებს აერთიანებს, ფეხბურთის სიყვარულია. ეს სპორტი ორივესთვის განსაკუთრებულია. ამიტომაც არ გამჭირვებია "ნაპოლიში" თავის დამკვიდრება. მახარებს, რომ საკლუბო და სანაკრებო დონეზე ასეთ მხარდაჭერას ვიღებ.
FIFA: კვარაცხელია, ჰოლანდი, მბაპე, ბელინგემი, იამალი, ვინისიუსი... იქნება თუ არა ფეხბურთის მომავალი ისეთივე ამაღელვებელი, როგორიც უახლოესი წარსული იყო?
ეს სახელები ამბობენ, რომ სპორტის მომავალი საიმედო ხელშია, თუმცა ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ისეთ ლეგენდებსაც, როგორებიც მესი და რონალდუ არიან. ისინი კიდევ თამაშობენ და ფანებს სიამოვნებას ანიჭებენ. გამიმართლა, რომ მათ ეპოქაში ვთამაშობ და გამოვცადე გასაოცარი ფეხბურთი, რომელიც მათ და მათი თაობის სხვა ლეგენდებმა გვაჩუქეს.
FIFA: და ბოლოს, რა არის შენი ოცნებები მომდევნო წლებში?
ყველაფერზე მეტად, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში თამაშსა და ჩემს გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ. იმედია, ამ ოცნებებს რეალობად ვაქცევ. საკლუბო ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულის მოგება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე კი თითოეული ქართველი ოცნებობს. ვფიქრობ, ეს ყველა იმ ადამიანისთვის პატივის მიგებაც იქნება, ვინც საქართველოს წარსულში წარმოადგენდა. ჩვენ გვინდა, რომ მათ ნაკვალევს გავყვეთ, ამ მიზანს მივაღწიოთ და სამშობლო ვაამაყოთ.