არგენტინელი ვარსკვლავი „ინტერ მაიამის“ შემადგენლობას 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე, მან უკვე არაერთი პირადი რეკორდის დამყარება მოასწრო. თუმცა, ლიონელ მესის დამსახურებით თვითონ ამერიკული კლუბიც რეკორდული მაჩვენებლებით გამოირჩევა.
მსოფლიოს ჩემპიონის ტრანსფერიდან დღემდე, „ინტერ მაიამის“ წარმომადგენლებმა 11 დიდ კომპანიასთან გააფორმეს კონტრაქტი. ამის დამსახურებით, გუნდის შემოსავალი 50 მილიონიდან 200 მილიონამდე გაიზარდა. ამას ემატება ისიც, რომ ლიონელ მესის მაისურიც ასევე ტრადიციულად რეკორდული რაოდენობით განაგრძობს გაყიდვას.
მსგავსი ტენდენციის გამო MLS-ის ხელმძღვანელებს წესების შეცვლა მოუწიათ. აქამდე ამერიკულ ლიგაში მოთამაშე კლუბებს ახალი სეზონის დაწყებისას მხოლოდ საშინაო ან საგარეო ფორმის დიზაინის გამოცვლა შეეძლოთ. თუმცა, მესის მაისურების რეკორდული გაყიდვების გამო, „ინტერ მაიამიმ“ ფედერაციას ამ წესის შეცვლისა და ორივე მაისურის შეცვლაზე ნებართვის დართვის თხოვნით მიმართა. უახლესი ინფორმაციის მიხედვით, MLS-ის ხელმძღვანელობამ აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა.