სტენოკარდია, არითმია, ტაქიკარდია, ინფარქტი, პარკუჭოვანი ექსრტასისტოლია, ჰიპერტენზია, კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმში მეტაბოლური ცვლილებები — ეს გულის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია, რომლის განსაკურნებლადაც ექიმები ხშირად მედიკამენტ პანანგინს ირჩევენ.
სტრესი, არაჯანსაღი კვება და ცხოვრების წესი, ნიკოტინის, ალკოჰოლის და სხვა მავნე ნივთიერებების მოხმარება — ეს ყველაფერი ერთად ან ცალ-ცალკე ხშირად, გულის ფუნქციის შეზღუდვის მიზეზი ხდება, ამიტომ პანანგინს მედიკოსები არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკის მიზნითაც ნიშნავენ, რადგან იგი მაღალეფექტიანთან ერთად უსაფრთხო მედიკამენტების რიცხვში შედის.
რა არის პანანგინის ეფექტიანობის მიზეზი
მაგნიუმი და კალიუმი, რომლებიც პანანგინში შემავალი ნივთიერებებია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული, კუნთოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში. ისინი აუმჯობესებს მიოკარდიუმის ნივთიერებათა ცვლას, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ელექტრული იმპულსების თანმიმდევრულად გატარებას გულში და ზრდის შეკუმშვათა ეფექტიანობას. ეს კი, საბოლოოდ, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევის სისტემას.
აღსანიშნავია ისიც, რომ პანანგინი ამცირებს აუტანლობას ისეთი მედიკამენტების მიმართ, რომელიც დაავადებული გულის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. კერძოდ, საუბარია სათითურაზე (მცენარე) დამზადებულ მედიკამენტებზე.
ის, რაც პანანგინთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ
გაითვალისწინეთ, მიუხედავად იმისა, რომ პანანგინი უსაფრთხო მედიკამენტების რიცხვში შედის, რადგან ჭარბად მიღების დროსაც კი თირკმელები დიდი რაოდენობით კალიუმს გამოდევნის, მასაც გააჩნია უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ სრულფასოვან განკურნებაში.
გაითვალისწინეთ, რომ 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პანანგინის მიღება დაუშვებელია.
ასევე ამ მედიკამენტს ახასიათებს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
პანანგინით მკურნალობას შესაძლოა, არასასურველი შედეგი მოჰყვეს იმ პაციენტებში, რომლებსაც თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა აქვთ.
სიფრთხილე მართებს მათაც, ვისაც ადისონის დაავადება დაუდგინდათ, ანუ პაციენტებს, რომელთა თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია დაქვეითებულია და ჰორმონების ნაკლებობა განუვითარდათ.
პრეპარატის უკუჩვენებაა III ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა.
დაიმახსოვრეთ, პანანგინი არ გამოიყენოთ არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითებისას, რომელიც გამოწვეულია გულის არასაკმარისი შეკუმშვის უნარით, ანუ კარდიოგენული შოკი.
რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ პანანგინის მაღალი დოზების გამოყენებას, შესაძლოა დეფეკაციის გახშირება მოჰყვეს.
არ მიიღოთ პანანგინი ჭარბი დოზით
მართალია, უკვე გითხარით, რომ პანანგინი უსაფრთხო მედიკამენტების რიცხვში შედის, თირკმელების დიდი რაოდენობის კალიუმის გამოყოფის უნარიდან გამომდინარე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პრეპარატის ზედმეტად მაღალი დოზით მიღებამ, შეიძლება ორგანიზმში კალიუმის დოზა გაზარდოს, რაც ახალ დაავადებას ჰიპერკალიემიას იწვევს. ეს კი გულის პათოლოგიურ რიტმს ნიშნავს.
ჰიპერკალიემიას თავისი სიმპტომები ახასიათებს, ესენია: საერთო სისუსტე, პარესთეზია, ბრადიკარდია, დამბლა, არითმია.
რაც შეეხება მედიკამენტის მაღალი დოზების გამო ორგანიზმში მაგნიუმის მომატებას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმაგნიემია, რასაც თან ახლავს კუჭის მოქმედების გახშირება, გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, სისუსტე, ჰიპორეფლექსია, ლეთარგიული ძილი.
ამიტომ, გაითვალისწინეთ, თუ პანანგინის ჭარბ დოზას მიიღებთ და ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები დაგიფიქსირდებათ, მაშინვე შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს, რომ სიმპტომატური მკურნალობა დაგინიშნოთ. ამ დროს რეკომენდებულია კალციუმის ქლორიდის ინტრავენური შეყვანა; საჭიროების შემთხვევაში — ჰემოდიალიზი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
მართალია ამ დრომდე არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ პანანგინი ფეხმძიმობისას ან ძუძუთი კვების პერიოდში უარყოფითად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე, მაგრამ მეტი უსაფრთხოებისთვის უმჯობესია, რეკომენდაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
ერთი სიტყვით, პანანგინი თქვენი მშვიდი გულისცემის საუკეთესო მეგობარია, მაგრამ მაინც გჭირდებათ სიფრთხილის ზომები. ამიტომ გახსოვდეთ, ექიმთან კონსულტაცია ყველაზე უწყინარი მედიკამენტის მიღების დროსაც, თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა.