რა გავლენა აქვს L-კარნიტინს ორგანიზმზე და გვეხმარება თუ არა წონის კლებაში
1 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

რა გავლენა აქვს L-კარნიტინს ორგანიზმზე და გვეხმარება თუ არა წონის კლებაში

L-კარნიტინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც ადამიანის ტვინი, ღვიძლი და თირკმელები ბუნებრივად გამოიმუშავებს. იგი სხეულს ეხმარება, რომ ცხიმი ენერგიად გარდაქმნას. ეს ნივთიერება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე არაერთ პროცესში, იქნება ეს ტვინისა და გულის მუშაობა თუ კუნთების მოძრაობა. 

L-კარნიტინის დანამატები მაშინ გამოიყენება, როდესაც პაციენტს ამ ნივთიერების დეფიციტი აქვს. ზოგჯერ ამ ნაერთს გულსა და სისხლძარღვებთან დაკავშირებული დაავადებების დროსაც მიმართავენ; იგი გამოიყენება მაშინაც, როცა საქმე თირკმლის მძიმე დაავადებასთან გვაქვს. ამის მიუხედავად, კვლევები ამ შემთხვევებში მის სარგებლიანობას ცალსახად არ ადასტურებს. 

L-კარნიტინი ქართულ ბაზარზე არაერთი ფორმითა და წარმოებით არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, გვხვდება როგორც დასალევი ამპულები კარტანის სახელით, ასევე ტაბლეტებიც სოლგარის წარმოებით

როგორ მუშაობს L-კარნიტინი? 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, L-კარნიტინი ბუნებრივი ნაერთია. იგი B ჯგუფის ვიტამინებს წააგავს და სხეულს ცხიმის ენერგიად გარდაქმნაში ეხმარება.

უფრო ზუსტად, ეს ნაერთი ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობს და ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში გადააქვს; ეს მჟავები აქ β-დაჟანგვის პროცესს გადის, შედეგად კი ატფ-ის სახით დიდი ენერგია წარმოიქმნება. 

L-კარნიტინი, გარდა ცხიმოვანისა, ცილოვან ცვლასაც აწესრიგებს და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენას უწყობს ხელს; იგი კეტოსხეულების წარმოქმნასა და ანაერობულ გლიკოლიზს უშლის ხელს; ამასთანავე, ხელს უწყობს ღვიძლში გლიკოგენის მარაგის ზრდას.

ცნობილია ისიც, რომ ეს ნივთიერება თიროქსინის მიმართ ანტაგონისტურად მოქმედებს, შედეგად მომატებულ ძირითად ცვლას აწესრიგებს — დარღვევას, რომელიც ჰიპერთირეოზს ახასიათებს; გარდა ამისა, პრეპარატი კუჭის წვენის გამოყოფას უწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ L-კარნიტინი რძემჟავა აციდოზის ხარისხს ამცირებს, შედეგად კი ფიზიკური დატვირთვისადმი ამტანობასაც აუმჯობესებს. ამის გამო ამ ნივთიერებას სპორტსმენებიც იყენებენ დანამატების სახით.

საგულისხმოა ისიც, რომ L-კარნიტინი ბავშვების ფიზიკურ განვითარებას უწყობს ხელს. საუბარია როგორც დღენაკლულ ჩვილებზე, ასევე ზრდის შეფერხების მქონე მოზარდებზეც.

გვეხმარება თუ არა L-კარნიტინი წონის კლებაში?

L-კარნიტინის წყალობით უჯრედებში მეტი ცხიმოვანი მჟავა შედის, შემდეგ კი ენერგიად გარდაიქმნება. ამის გამო მას წონის კლებისთვისაც იყენებენ, როგორც დანამატს.  

37 კვლევის მიმოხილვით გამოვლინდა, რომ ამ ფორმით L-კარნიტინის მიღებამ მნიშვნელოვნად შეამცირა სხეულის მასა, სხეულის მასის ინდექსი (BMI) და ცხიმის საერთო მასა. მეორე მხრივ, ნივთიერებას არანაირი გავლენა არ ჰქონია სხეულის ან მუცლის ცხიმის პროპორციაზე. 

სხვა ანალიზით, რომელმაც 9 კვლევა მოიცვა (მათში ძირითადად ჭარბწონიანები და ხანშიშესული ადამიანები მონაწილეობდნენ), დადგინდა, რომ L-კარნიტინის მიღებისას მონაწილეებმა საშუალოდ 1.3 კილოგრამი დაიკლეს. 

გარდა ამისა, 6 კვლევის მეტაანალიზმა აჩვენა, რომ L-კარნიტინმა, შესაძლოა, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) მქონე ადამიანებში სხეულის მასა, BMI და მუცლის ცხიმი შეიძლება შეამციროს. 

მიუხედავად ამისა, დამატებითი კვლევაა საჭირო იმის გასაგებად, თუ რა გავლენა აქვს ამ დანამატს წონაზე ხანგრძლივ პერსპექტივაში. შესაძლოა, ზოგ ადამიანს ეს ნივთიერება მართლაც ეხმარებოდეს სხეულის მასის შემცირებაში, თუმცა ეს ინდივიდუალურ ფაქტორებზეც არის დამოკიდებული, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 

ამის გამო უმჯობესია, თუ L-კარნიტინს ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ მიმართავთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მხოლოდ დანამატების მიღებით წონის დაკლება თითქმის შეუძლებელია, თუ პარალელურად სხეულს კალორიულ დეფიციტს არ შეუქმნით (ანუ, თუ დღიურ ნორმაზე ნაკლებს არ შეჭამთ). 

თუკი L-კარნიტინის გამოყენებას ექიმი გირჩევთ, კარტანი იქნება ეს თუ სხვა დასახელების პრეპარატი, მის შეძენას PSP-ს სააფთიაქო ქსელშიც შეძლებთ.

Facebook კომენტარები