10 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

"ბარსა" ახალ ტურნირზე შეიძლება ვერ მოხვდეს - საფრთხე რეალურია

ფიფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2025 წლის ზაფხულში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. მასში სხვადასხვა კონფედერაციის 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

UEFA-ს 12 გუნდი წარმოადგენს. ჩემპიონთა ლიგის 4 გამარჯვებული ("ჩელსი", "რეალი", "მანჩესტერ სიტი" და მიმდინარე სეზონის ტრიუმფატორი) და კიდევ 8 კლუბი, რომლებიც უეფას რეიტინგის მიხედვით შეირჩევიან.

რეიტინგით ტურნირში მონაწილეობა უკვე გარანტირებული აქვთ "ბაიერნს", "პსჟ-ს", "ინტერს", "ბენფიკასა" და "პორტუს".

რაც შეეხება "ბარსელონას", შანსი იმისა, რომ კატალონიური გრანდი ამ შეჯიბრის პირველი გათამაშების მიღმა დარჩეს, საკმაოდ რეალურია.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ტურნირზე ერთი ჩემპიონატიდან მხოლოდ 2 გუნდია დაშვებული (თუ ჩემპიონთა ლიგა ერთი ქვეყნის 2-ზე მეტმა წარმომადგენელმა არ მოიგო). "რეალს" ადგილი გარანტირებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსამ" "ატლეტიკოს" უნდა გაუწიოს კონკურენცია. უპირატესობა ახლა მადრიდელთა მხარესაა - "როხიბლანკოს" 62 ქულა აქვს, "ბლაუგრანას" აქტივში კი სულ 55 ქულაა.

სურათის შესაცვლელად "ბარსელონამ" ან ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს, ან ტურნირზე "ატლეტიკოსთან" შედარებით იმდენად შორს უნდა გავიდეს, რომ ეს 7-ქულიანი ჩამორჩენა აღმოიფხვრას.

ცნობისთვის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი განახლებული ფორმატით 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე ჩატარდება. მას აშშ უმასპინძლებს.

Facebook კომენტარები