2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ვაჟთა შორის 39-ე, ხოლო ქალთა შორის 30-ე გათამაშება იქნება. ტურნირი გაიმართება აზერბაიჯანში, ბაქოს ტანვარჯიშის ეროვნულ არენაზე, 2026 წლის 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით.
მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა - ტატო გრიგალაშვილმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, მასპინძელი აზერბაიჯანელი - ზელიმ ცკაევი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში მეოთხედ გახდა.
ასე და ამგვარად, განვლილი 4 საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ბრინჯაოს და 1 ვერცხლისა და 1 ოქროს მედალია, რომელიც გიორგი სარდალაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.
წინ მეხუთე საშეჯიბრო დღეა, სადაც ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ...
90 კგ
90 კგ-ში ტრადიციულად, ორი უძლიერესი ძიუდოისტი გვეყოლება - ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე.
მსოფლიო პირველობაზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში უაღრესად საინტერესო, თუმცა ამავდროულად ურთულესი წილისყრა შეხვდათ ქართველ ძიუდოისტებს. განსაკუთრებით მძიმე ბადეში მოხვდა ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური, რომელიც ტურნირზე განუთესავია. ლაშას ასპარეზობა პირველივე რაუნდიდან მოუწევს, სადაც მისი საწყისი მეტოქე სამხრეთკორეელი მინკი სონგი იქნება, ხოლო ამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე სენეგალელ რაიან დაკოსტას დაუპირისპირდება.
ნამდვილი ცეცხლოვანი დაპირისპირება კი უკვე მერვედფინალშია მოსალოდნელი, სადაც ბექაურის სავარაუდო მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი - სანშირო მურაოა. ეს ქართული და იაპონური ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დუელია - ლაშას მურაოსთან ურთიერთშეხვედრებში დამაჯერებელი უპირატესობა აქვს და 6-დან 6 გამარჯვება (5 გამარჯვება ინდივიდუალურში, 1 გუნდურში). თუ ქართველმა ფავორიტმა იაპონური ბარიერიც წარმატებით დაძლია, მეოთხედფინალში, დიდი ალბათობით, ევროპის მოქმედ ჩემპიონს, სერბ - ნემანია მაიდოვს შეხვდება.
რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, იგი C ბადეშია განთესილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირს შედარებით მშვიდად - მეორე რაუნდიდან დაიწყებს. მისი პირველი მეტოქე რუსულ-სერბული წყვილში გამარჯვებული იქნება. მაისურაძის ბადეში მთავარი ყურადღება იაპონელ გოკი ტაჯიმაზეა მიპყრობილი, რომლის გზაც ჩვენს მსოფლიო ჩემპიონთან სწორედ 1/4-ფინალურ ეტაპზე იკვეთება.
ქართველ გულშემატკივარს წინ უშეღავათო და ემოციებით დატვირთული ორთაბრძოლები ელის - ორივე ჩვენებურს ოქროს მედლამდე საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევს, თუმცა ბექაურისა და მაისურაძის გამოცდილება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ტურნირიდან უმაღლესი ხარისხის ჯილდოებს ველოდოთ.
70 კგ
70 კგ-ში იბრძლებს ნინო გულბანი, რომელიც ასპარეზობას D ბადეში პირველივე წრიდან იწყებს და ჩინელ - ინგინგ ფენგს შეხვდება.
ჩინური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ნინის მეტოქე, ისრაელელი - მაია გოშენი იქნება. ქართველს ბადეში იაპონელი - შიჰო ტანაკა ჰყავს, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და მასთან გზა 1/4-ფინალში იკვეთება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი სტარტს 18:00 საათზე აიღებს.