7 საათის და 50 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მისი მოედანზე შემოსვლა გადამწყვეტი აღმოჩნდა" - რას წერენ ფრანგულ მედიაში კვარაცხელიაზე

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ საკუთარ მოედანზე ჩელსის დაუპირისპირდა და 5:2 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც შეცვლიდან შევიდა და დუბლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ქართველის პერფორმანსს ფრანგული მედია ეხმაურება:

Footmercato - "მისი მოედანზე შემოსვლა გადამწყვეტი აღმოჩნდა. მან გამოაცოცხლა ფლანგები და 75-ე წუთზე საჯარიმოში ეფექტური დრიბლინგიც შემოგვთავაზა. ჯერ ვიტინიას გაატანინა (74-ე წუთი), შემდეგ კი თავად გაიტანა ფანტასტიკური გოლი — საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი, „რაკეტისებური“ დარტყმით შორეულ კუთხეში ცხრიანი აიღო (86-ე წუთი). მატჩის მიწურულს (90+4 წუთი), ჰაკიმის გარბენისა და პასის შემდეგ, დუბლი გააფორმა, რამაც განმეორებითი შეხვედრის წინ გუნდის შანსები საგრძნობლად გაზარდა. 88-ე წუთზე გადამეტებული ემოციების გამო ყვითელი ბარათი მიიღო"

L’Equipe - "წარმოუდგენელი ცვლილება, რომელმაც „პარი სენ-ჟერმენის“ თამაში მთლიანად შეცვალა. ერთი საგოლე გადაცემა და ორი გატანილი გოლი! მისი მოედანზე შემოსვლა გადამწყვეტი აღმოჩნდა"

CulturePSG – "9 ქულა: თეორიულად, შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელებს ქულებს არ ვუწერთ, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისია... მოედანზე ნამდვილი ვარსკვლავი შემოვიდა"

Le Parisien - "მოედანზე შემოსვლის შემდეგ, თამაშში გარდამტეხი როლი ითამაშა. 86-ე წუთზე ჯერ ბრწყინვალე გოლი გაიტანა (4-2), ხოლო კომპენსირებულ დროში (94-ე წუთზე) ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა (5-2)"

Eurosport - "კვარაცხელია მოედანზე 62-ე წუთზე შემოვიდა რომელმაც მოედანზე საოცარი ჟინი და ენერგია შემოიტანა. ვიტინიას გოლზე შესრულებული საგოლე გადაცემის შემდეგ, მან თავისი საფირმო სტილით გადამწყვეტი გოლი გაიტანა, მატჩის მიწურულს კი მეტოქეს საბოლოო დარტყმა მიაყენა. ეს იყო დიდებული ჩართვა თამაშში, რომელმაც მატჩის ბედი პარიზელების სასარგებლოდ გადაწყვიტა. სულ რაღაც 30 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო. გრანდიოზულია"

წყარო: Crystalsport

Facebook კომენტარები