5 საათის და 6 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"გრცხვენოდეს, უმარ" - რა გააკეთა უმცროსმა ნურმაგომედოვმა, როცა ინციდენტის დროს კამერა გამოირთო

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და ნურმაგომედოვების გარემოცვას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და ინციდენტის შესახებ ახალი დეტალები გაამხილა.

სტერლინგის განცხადებით, გავრცელებულ ვიდეოკადრებში მომხდარი დაპირისპირება სრულად არ ჩანს. მისი მტკიცებით, მას შემდეგ, რაც სიტუაცია შედარებით განიმუხტა, მერაბ დვალიშვილს უმარ ნურმაგომედოვი მიუახლოვდა და მოულოდნელად სახეში დაარტყა.

„როგორც კი ვიდეო წყდება, უმარი მერაბთან მიდის და სახეში მუშტს ურტყამს. მისი მიახლოების მანერით შეიძლებოდა გეფიქრა, რომ სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, რადგან იმ მომენტისთვის ყველაფერი თითქოს უკვე დაწყნარებული იყო.

მაგრამ შემდეგ, როდესაც გავიგე, რა მოხდა ვიდეოს დასრულების შემდეგ, ჩემი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა. საბა ლაზიშვილს რამდენიმე ადამიანი აკავებდა, ხელებს უჭერდნენ, რათა თავის დაცვა ვერ შეძლებოდა, სხვები კი თავში ურტყამდნენ.

ჩემი აზრით, ეს მკვლელობის მცდელობაა. ისინი იმ წყეულ ციხეში უნდა დარჩენილიყვნენ. მათ მსგავსი საქციელი ყოველთვის შერჩებათ ხოლმე.

ხაბიბის მიმართ მთელი პატივისცემის მიუხედავად, როგორც ჩანს, იქ ყველაფერს კულისებიდან სწორედ ის მართავს. მათ ჰგონიათ, რომ კანონზე მაღლა დგანან“, – განაცხადა სტერლინგმა ESPN MMA-სთან ინტერვიუში.

ამერიკელმა მებრძოლმა ასევე გააკრიტიკა ნურმაგომედოვების გარემოცვის მხრიდან რამდენიმე ადამიანის ერთდროულად ჩართვა დაპირისპირებაში და აღნიშნა, რომ ასეთი საქციელი მისთვის მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში, მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვის გარემოცვას შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა, რომელშიც საბა ლაზიშვილიც მონაწილეობდა.

ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანს პატიმრობა მიესაჯა, თუმცა მოგვიანებით, მხარეებს შორის შერიგებისა და სამართლებრივი მოთხოვნების მოხსნის შემდეგ, სასჯელი ფულადი ჯარიმებით შეიცვალა.