2 საათის და 41 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ეს არაფრით არ აიხსენება" - რას წერენ ქართველი ქომაგები მატჩის შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების უკრაინასთან მარცხმა ქართველ გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ქომაგები სოციალურ ქსელებში გუნდის წარუმატებელ ასპარეზობას ეხმაურებიან და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მუშაობასაც აკრიტიკებენ.

შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძის გუნდი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში უკრაინასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა ექვს შეხვედრაში ვერცერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა, გოლის გატანაც ვერ მოახერხა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

გულშემატკივრების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი სწორედ გუნდის შეტევაში არსებული პრობლემებია. ქომაგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ექვს მატჩში ვერცერთი გოლის გატანას გამართლება არ აქვს და ეროვნულ გუნდში სერიოზული ცვლილებებია საჭირო.

კითხვები გაჩნდა მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის მიმართაც. გულშემატკივრების ნაწილი მიიჩნევს, რომ მწვრთნელის მუშაობა და მისი ტაქტიკური გადაწყვეტილებები მეტ შეფასებას საჭიროებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც პრობლემას მხოლოდ სამწვრთნელო შტაბში არ ხედავენ.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გულშემატკივარმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების პრობლემები ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნით არ აიხსნება. მისი შეფასებით, გუნდს შეტევაში იდეები აკლია, ფეხბურთელები თავისუფალ სივრცეებს სათანადოდ ვერ იყენებენ და ბურთის წინ წაღებაც უჭირთ.

"უკვე ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს რამაზ სვანაძესთან დაკავშირებით.

"6 მატჩში გატანილი 0 გოლი არაფრით არ აიხსნება.

"0 მოგება, 0 გოლი და არანაირი ფანტაზია შეტევაში", - წერენ ქართველი ქომაგები.

მიუხედავად კრიტიკისა, გულშემატკივრების ნაწილი ცალკეული ფეხბურთელების თამაშსაც დადებითად აფასებს. განსაკუთრებით გიორგი მამარდაშვილს, ლუკა ლოჩოშვილსა და საბა გოგლიჩიძეს გამოარჩევენ.

საქართველოს ნაკრებს ახლა ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს. რამაზ სვანაძის გუნდი 2027 წლის მარტში პლეი-ოფში იასპარეზებს, სადაც C დივიზიონის ერთ-ერთ მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება.