საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა. რამაზ სვანაძის გუნდი ბოლო ტურში უკრაინასთან დამარცხდა და ახლა დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს.
საქართველოს ნაკრებმა B2 ჯგუფში ექვსი შეხვედრიდან მხოლოდ 2 ქულის მოპოვება მოახერხა და სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზე გავიდა. შედეგად, ჩვენი გუნდი ერთა ლიგის B/C დივიზიონების პლეი-ოფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე C ლიგის ოთხი ჯგუფის ერთ-ერთი მეორეადგილოსანი იქნება.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ოთხივე შესაძლო მეტოქე ცნობილია:
ბელარუსი
კვიპროსი
ფარერის კუნძულები
ესტონეთი
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქის ვინაობა პარასკევს, 20 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გასამართ წილისყრაზე გაირკვევა.
რაც შეეხება პლეი-ოფის შეხვედრებს, ისინი 2027 წლის მარტში, ორ მატჩად გაიმართება. დაპირისპირებაში გამარჯვებული მომდევნო გათამაშებაში B დივიზიონში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს, ხოლო დამარცხებული C დივიზიონში ითამაშებს.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებს B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი ორმატჩიანი დაპირისპირება ელის.