საკალათბურთო „ბარსელონამ“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სლოვენიელი ალექსანდერ სეკულიჩი წარადგინა, რომელმაც ხავი პასკუალი შეცვალა. ახლა კი „ბლაუგრანას“ იმის გარკვევა დარჩენია, დატოვებს თუ არა გუნდს ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელია.
ბოლო დღეების განმავლობაში ესპანურ პრესაში აქტიურად წერდნენ შენგელიას მიმართ ევროლიგის რამდენიმე კლუბის ინტერესზე. გავრცელებული ინფორმაციით, შენგელიას გამოსასყიდი დაახლოებით მილიონი ევროა და ამ თანხის გადახდის შემთხვევაში ქართველი კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება და იმ გუნდში გადასვლას შეძლებს, რომელშიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგების მეტი შანსი ექნება.
ბოლო პერიოდში შენგელიას სახელს უკავშირებდნენ „დუბაის“, „პარტიზანსა“ და „ოლიმპიაკოსს“, თუმცა, როგორც თურქული მედია იტყობინება, ქართველი კალათბურთელისთვის ბრძოლაში „ფენერბაჰჩე“ დაწინაურდა. მედიის ინფორმაციით, „ფენერბაჰჩესა“ და შენგელიას შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და თურქეთის ჩემპიონი ქართველი კალათბურთელის გადასაბირებლად ყველაფერს აკეთებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ შენგელია „ბარსელონას“ შარშან შეუერთდა, თუმცა კატალონიურ კლუბთან ერთად ვერც ევროლიგა, ვერც ესპანეთის ჩემპიონატი და ვერც სამეფო თასი მოიგო.
რაც შეეხება მის ხელშეკრულებას, საქართველოს ნაკრების კაპიტანს „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.