კრივის ორგზის მძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონი ენტონი ჯოშუა 2024 წლის შემდეგ რინგზე დაბრუნდა და ვიდეობლოგერი ჯეიკ პოლი მეექვსე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
ნოკაუტამდე ჯეიკ პოლი ნოკდაუნში სამჯერ აღმოჩნდა, ხოლო მეექვსე რაუნდში გაშვებული დარტყმების შემდეგ დაბრუნება ვეღარ შეძლო.
28 წლის ჯეიკ პოლმა პროფესიული კრივი 2020 წელს დაიწყო, ის 2024 წლის ნოემბერში მაიკ ტაისონსაც შეხვდა და მას მსაჯების გადაწყვეტილებით სძლია. რაც შეეხება 36 წლის ენტონი ჯოშუას, მისთვის ეს პირველი ბრძოლა იყო 14 თვის შემდეგ. ბოლოს ის დანიელ დუბუამ ნოკაუტით დაამარცხა.
მძიმე წონის ყოფილმა ჩემპიონმა მაიამიში გამართულ აწონვების ცერემონიაზე 110 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო ბრძოლამდე პოლის წონა 96 კილოგრამი გახლდათ.