“ვოცნებობ, ვაამაყო ჩემო ქვეყანა, პირადი და სანაკრებო წარმატებებით” - ინტერვიუ ლუკა ლიკლიკაძესთან » isport.ge
1 წლის და 1 თვის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

“ვოცნებობ, ვაამაყო ჩემო ქვეყანა, პირადი და სანაკრებო წარმატებებით” - ინტერვიუ ლუკა ლიკლიკაძესთან

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.

ილია ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიო პირველობაზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მე-16 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე 20 წლის ლუკა ლიკლიკაძე იყო, რომელმაც მოედანზე გატარებულ მცირე დროში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ახალგაზრდა გამთამაშებელი ამჟამად საკალათბურთო გუნდ “ოლიმპის” ღირსებას იცავს, ლუკა 15 წლის ასაკში “ბასკონიაში” გაემგზავრა სათამაშოდ და ამ გუნდის მაისურით 3 წელი ითამაშა. ესპანეთში ქართველმა მოთამაშემ კარგი გამოცდილება მიიღო და სამშობლოში უფრო დახვეწილი სათამაშო სტილით დაბრუნდა.

ლუკა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ კალათბურთელად მიიჩნევა და ქართველ გულშემატკივრებს მისი დიდი იმედი აქვს.

isport.ge ლუკას დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:

– მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშე, რას ნიშნავს ეს ფაქტი შენთვის?

– ეროვნულ ნაკრებში ჩემი პირველი გამოძახება იყო და ამ ბიჭების გვერდით ყოფნა და მათთან გატარებული თითოეული წამი ჩემი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი იქნება, რადგან ჩემთვის ყველაზე დიდი ოცნება მათთან ერთად თამაში იყო საქართველოს სახელით. უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემთვის ძალიან დიდი ემოცია და გამოცდილება იყო, რადგან საკალათბურთო ასპარეზზე ყველაზე მაღალ რანგის ტურნირია სადაც, ძალიან ბევრი მოთამაშეა NBA-იდან და EUROLEAGUE-დან. მათ წინააღმდეგ თამაშმა უფრო გაამძაფრა ჩემი მოტივაცია და ვფიქრობ ეს ყველაფერი დამეხმარება ჩემს განვითარებაში.

– საქართველოს ნაკრების გამოსვლას როგორ შეაფასებდი მსოფლიო ჩემპიონატზე?

– მოგეხსენებათ ეს ჩვენი საკალათბურთო ნაკრებისთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ამ ჩენპიონატზე ჩვენი მიზანი  იყო პირველი ეტაპის დაძლევა და რაც შეიძლება მეტი თამაშის მოგება. ეს მისია შევასრულეთ და გავედით მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებში, რაც ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის.

– ჩემპიონატს დებიუტანტის ამპლუაში შეხვდით, იყო თუ არა ეს ფაქტი მცირე ნერვიულობის მიზეზი?

– დებიუტანტის რანგში მომიწია მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, მაგრამ ნერვიულობის ფაქტორი უფრო ამხანაგუე თამაშებში მქონდა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატამდე ჩავატარეთ. მსოფლიო ჩემპიონატზე ვცდილობდი, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო მოედანზე თუ მის მიღმა გატარებული დროით.

– როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მოედანზე შეხვედი რა გრძნობა დაგეუფლა?

– ძალიან მაგარი გრძნობა იყო, რადგან ვიცოდი რა მნიშვნელობის თამაში იყო და ასეთ თამაშში მოედანზე გასვლის საშუალება რომ მომეცა ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის.

– მსოფლიო ჩემპიონ გუნდს მეოთხედი მოვუგეთ, ამ ფაქტს როგორ შეაფასებ?

გერმანიასთან ძალიან რთული თამაში გამოვიდა. წარმატებული პირველი ნახევრის შემდეგ, სადაც გვქონდა ძალიან მაგარი მომენტები, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში მეორე ტაიმში ვერ შევასრულეთ ჩვენი დავალება და სამწუხაროდ დავთმეთ მატჩი. საბოლოოდ, გერმანია ტურნირის ჩემპიონი გახდა და გამოჩნდა თუ რამდენად ძლიერი ნაკრები არის.

– იყო თუ არა ეს შეჯიბრი შენთვის ოცნების ახდენა?

როგორც უკვე ავღნიშნე ჩემი ოცნება ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო. ის რომ დებიუტანტის რანგში ვითამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

– ილია ზუროსი საქართველოს ნაკრებს დაემშვიდობა, როგორ დაახასიათებდი ყოფილ მთავარ მწვრთნელს?

– ილიას ზუროსზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ მოკლე და რთულ პერიოდში მისგან ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, მან მომცა შანსი, რომ მეასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით, რისთვისაც მადლიერი ვიქნები მისით მთელი ცხოვრება. ის ძალიან მაგარი მწვრთნელი და ძალიან მაგარი ადამიანია.

– ახალ მთავარ მწვრთნელად ქართველ სპეციალისტს ისურვებდი თუ უცხოელს?

– ფედერაციაში ამ საკითხზე უკვე მუშაობენ და სავარაუდოდ მალე გახდება მომავალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილი, რომელსაც ყველანი ერთად გავიგებთ იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი.

– ნაკრებში ისეთ გამოცდილ მოთამაშეებთან გიწევს თამაში, როგორებიც გიორგი შერმადინი, გიორგი ცინაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი და თორნიკე შენგელია არიან, რა ისწავლე მათგან?

– გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია, მიშა ბერიშვილი და დუდა სანაძე გუნდის ყველაზე გამოცდილი მოთამაშეები არიან. მათთან გატარებული დროით და ვარჯიშით ვრწმუნდებოდი, თუ რამდენად დიდ შრომას მოითხოვს ის რომ გახდე დიდი კალათბურთელი. ვუსმენდი და ვითვალისწინებდი მათ რჩევებს როგორც საკალათბურთო, ასევე ზოგად თემებზე, რადგან მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.

– იგივე შენი და სხვა არაერთი კალათბურთელის სახით, ძალიან კარგი თაობა მოდის, როგორ ფიქრობ რა იქნება თქვენი ახალი თაობის მიზანი?

– როგორც ჩვენი კაპიტანი, თორნიკე შენგელია ამბობს, მათმა თაობამ თამასა ჩვენი თაობისთვის და ქართული კალათბურთისთვის ძალიან მაღალ დონეზე აწია. ჩვენთვის ეს დიდი მოტივაციაა და მიზანი იქნება, რომ ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გავაუმჯობესოთ და წარმატებულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის სახელი.

– 2023 წელს ოლიმპში ბრწყინვალე სეზონის შემდეგ სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დასახელდი, ამ ფაქტს როგორ შეაფასებ?

– სასიამოვმო ჯილდოა, მაგრამ რომ არა ჩემი მწვრთნელი დათო როგავა და ჩემი გუნდელები ეს ყველაფერი მათ გარეშე არ გამოვიდოდა. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის.

– შენი აზრით რა გამოარჩევს ოლიმპს სუპერლიგაში მოთამაშე სხვა გუნდებისგან?

– სხვა გუნდებში თამაშის გამოცდილება არ მქონია საქართველოში გარდა ოლიმპისა. ოლიმპში ძალიან ოჯახური და პოზიტიური გარემოა. ყველა პირობა გვაქვს შექმნილი წარმატების მისაღწევად და ვფიქრობ, რომ ეს გუნდი და ამ გუნდის შტაბი ყოველ წლიურად ძალიან დიდ პროგრესს განიცდის.

– რა მიზნები აქვს ოლიმპს?

– ოლიმპი ბოლო წლების მანძილზე ამბიციურ გუნდად ჩამოყალიბდა ამ წელსაც ასეა და ჩვენი მიზანია რა თქმა უნდა ჩემპიონობაა.

– გაქვს თუ არა რაიმე შემოთავაზება და უცხოეთში გადაბარგებას ხომ არ გეგმავ?

– მქონდა რამდენიმე შემოთავაზება უცხოეთიდან, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ ოლიმპში გატარებული სეზონი დამეხმარება უკეთეს ყვეყანაში კარიერის გასაგრძელებლად.  გუნდის ერთ-ერთი მიზანიც ეს არის, რომ ხელი შეუწყოს პერსპექტიულ ახგაზრდა მოთამაშეებს.

– ბასკონიაში გატარებულ პერიოდს როგორ შეაფასებ?

– 15 წლის ვიყავი, როდესაც ბასკონიაში წავედი. 3 წელი გავატარე ესპანეთშ, შევისწავლე ენა, გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი და რაც მთავარია გავეცანი მათ მიდგომას კალათბურთისადმი, რაც ძალიან გამომადგა და ბევრი რამ შემძინა.

– 20 წლამდელთქ ევროპის ჩემპიონატზე შენი და გუნდის გამოსვლას როგორ შეაფასებ?

– 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ისეთი არ გამოვიდა როგორი მოლოდინებიც გვქონდა, მაგრამ  უნცროსი ასაკით ვიყავით წარმოდგენილო ამ ჩემპიონატზე. სწორედ ეს 20 წლამდელთა ნაკრები დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგრად ჩაატარებს მომავალ ევროპის ჩემპიონატს და წარმატებას იზეიმებენ.

– რატომ დაიწყე კალათბურთის თამაში?

– ბიძაჩემი ყოფილი კალათბურთელი და ამჟამად საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია, სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა რომ მე ახლა კალათბურთელი ვარ.

– ვინ არის შენი ინსპირაცია?

– ჩემი ოჯახი ჩემი ინსპირაციის და მოტივაციის წყაროა.

– შენს პოზიციაზე საუკეთესო კალათბურთელად ვის მიიჩნევ?

– ლუკა დონჩიჩს.

– რომელი გუნდია შენთვის გამორჩეული NBA-ში?

– ლოსანჯელეს ლეიკერსი.

– რა არის შენი ოცნება?

– ჩემი ოცნებაა რაც შეიძლება დიდხანს მერგოს პატივი მოვიგრო ის მაისური, რომელსაც გულზე საქართველო აწერია და ვაამაყო ჩემი ქვეყანა როგორც პირადი ასევე სანაკრებო წარმატებებით..

Facebook კომენტარები