"ეს არის მსაჯი?!" - ასეთია კითხვა, რომელიც სტადიონებზე მზეკო შარაშენიძის დანახვისას წესისამებრ ებადებათ ხოლმე. მეც ამ კითხვის პასუხით დავიწყებ: დიახ, ეს არის მზეკო შარაშენიძე, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ახალგაზრდა და პროფესიონალი, თანაც მოდელის გარეგნობით! ის ახლახან დაბრუნდა ლუქსემბურგიდან.
- საერთაშორისო მსაჯის წოდებაზე მსოფლიოში უამრავი ადამიანი ოცნებობს, შენ კი ეს ოცნება 26 წლის ასაკში აისრულე. ეს როგორ მოხდა?
- ამ წოდებას 25 წლიდან აძლევენ, მე 26 წლისამ მივიღე. როგორ მოხდა? ალბათ, ისე, რომ დამეხმარა ბავშვობის ოცნება, მეთამაშა ფეხბურთი. იმ წლებში ოზურგეთში, საერთოდ, საქართველოშიც, არ იყო ქალთა ფეხბურთი. სამაგიეროდ, მამაჩემს უზომოდ უყვარდა ფეხბურთი და როდესაც სხვა ბავშვები სერიალებს უყურებდნენ, მე და ჩემს ძმას გვერდით მოგვისვამდა და ფეხბურთს გვაყურებინებდა, თანაც, მხოლოდ ქართულ ფეხბურთს კი არა, მსოფლიო ფეხბურთს. აი, ასე შეგვიყვარდა ფეხბურთი მე და ჩემს ძმას. მერე ჩემი ძმა წავიდა ფეხბურთის სათამაშოდ და მე ვერა.
იმდენად აქტიური ვიყავი, 7 წელიწადი დავდიოდი ცეკვაზე, ჩოგბურთზე და ხელოვნების სტუდიებში. მერე ილიაუნში ჩავაბარე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე.
წყარო: kvirispalitra.ge