მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგმა თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა რომის "ლაციოსთან" მოგებული მატჩის შემდეგ თავის მომავალზე ისაუბრა.
"მინდა, რომ "ატლეტიკო" ჩემი ბოლო გუნდი იყოს ევროპაში, მერე კი სადმე სხვაგან დავიწყო სიამოვნების მიღება.
თამაშის აქ გაგრძელება მსურს. ვფიქრობ, რომ გუნდისთვის შესაფერის დონეზე ვარ. კარგად ვთამაშობ. ვნახოთ, იქნება თუ არა კონტრაქტის გახანგრძლივების შანსი, მაგრამ, რა თქმა უნდა, აქ სხვა კარგი ფეხბურთელებიც არიან," - განაცხადა 32 წლის ვარსკვლავმა.
შეგახსენებთ, რომ გრიზმანს "როხიბლანკოსთან" მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის ივლისში ეწურება. კარიერის MLS-ში გაგრძელების სურვილი მას არაერთხელ გამოუხატავს.
ანტუანი მიმდინარე სეზონში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. 21 მატჩში გრიზმანის მონაგარი 14 გოლისა და 2 საგოლე გადაცემისგან შედგება.