"სევილიამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი იქნება.
სანჩეს ფლორესი ანდალუსიელთა მესამე თავკაცია მიმდინარე სეზონში. იქამდე "დალაქებმა" ხოსე ლუის მენდილიბარსა და დიეგო ალონსოს მიუთითეს კარისკენ.
კიკე ბოლოს "ხეტაფეს" ედგა სათავეში, იქიდან კი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მადრიდული გუნდი გასავარდნ ზონაში ჩაეშვა. 58 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერაში ასევე შევხვდებით "უოტფორდს", "ესპანიოლს", "ატლეტიკოს", "ბენფიკასა" და "ვალენსიას".
ესპანელმა მწვრთნელმა "სევილიასთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ "რამოს სანჩეს პისხუანის" ბინადრებმა დიეგო ალონსო შაბათს გაუშვეს. მან გუნდს 9 კვირის განმავლობაში უხელმძღვანელა და სულ ორი მატჩი მოიგო.
"სევილია" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ახლა მე-17 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა ანდალუსიელებს "გრანადას" წინააღმდეგ ელოდებათ.