განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, სადაც ქართველ კალათბურთელზე, თორნიკე შენგელიაზე წერს:
„გუშინ ფინეთთან მატჩში ქართველ კალათბურთელთა ამ თაობის ლიდერმა თორნიკე შენგელიამ შესანიშნავად ითამაშა და ჩვენების უკიდურესად საჭირო გამარჯვება განაპირობა.
ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა - ეს ადამიანი დიდი პროფესიონალია და საქართველოსთვის ყოველთვის ენერგიის ბოლო „წვეთამდე“ იბრძვის. ის თავისი სამშობლოს ნამდვილი შვილი და პატრიოტია.
გუშინწინ ევროასპარეზზე უმძიმესი მატჩი ჰქონდა. ამ თამაშის დასრულებისთანავე - მომქანცველი თამაშის შემდეგ უკიდურესად დაღლილი - ფინეთში გაემგზავრა, გუნდს შეუერთდა და მოაგებინა.
ასე იქცევიან საკუთარი ქვეყნის ნამდვილად მოყვარული ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ პატრიოტობა გახმამყივარებული ლაყბობა კი არა, მაღალი პასუხისმგებლობა და სამშობლოსათვის გაკეთებული მნიშვნელოვანი საქმეა. „საქმეთაგან განმართლდების კაცი“. ნათქვამის ფონზე ერთი რამ უნდა გავიხსენო.
რამდენიმე წლის წინ პროფესიონალი სპორტსმენი თორნიკე შენგელია კონტრაქტით მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა.
ატყდა, მაგრამ რა ატყდა! ზოგიერთებმა საქართველოში თმები გაიშალეს და ვენები გადაიჭრეს (სწორედ ამ თანმიმდევრობით, რადგან პირუკუ ვერ მოხერხდებიდა) - ეს რა იკადრა ამ ადამიანმა, როგორ გაბედა, ასე როგორ დაეცა და გათახსირდა, რომ სამშობლოს უღალატაო!
სულ „ენეგატი“, „გამყიდველი“, „უღირსი“, „ნაძირალა“ უწოდეს და ათასი იარლიყი მიაწებეს.
ეს ყველასა და ყველაფრის გამმეტებელი ხალხი სულ არ ფიქრობდა, რას გრძნობდნენ ამ დროს თორნიკე შენგელია ან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და უბრალოდ პატიოსანი ადამიანები.
ახლა სად არიან ისინი?
წლებმა უთუმცაოდ დაადასტურა ის, რაც ისედაც ცხადი იყო - ყოველ ჯერზე ჩვენი შესანიშნავი კალათბურთელი (და მოქალაქე) თორნიკე შენგელია ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ემსახუროს და სიხარული მოჰგვაროს.
ის ღირსეული ქართველია! მან დავიწყების კალათში ჩააგდო და ისტორიის სანაგვეზე გადაუძახა მის მიმართ ნათქვამ ბოროტ და უსამართლო სიტყვებს. არავის მისთვის ბოდიში არ მოუხდია იმ სიტყვებისა და გაავებული ბულინგისა თუ არაერთი საჯარო დამცირებისთვის.
ამის გამკეთებლებს სინდისი და პატიოსნება ძალიან ემძიმებათ და მუდმივად ცდილობენ ეს „ტვირთი“ სხვებს აჰკიდონ ზურგზე.
ისინი დღესაც მრავლად არიან, მაგრამ ვის სჭირდებიან ასეთი გაავებულნი და უსამართლონი?
თორნიკე შენგელიას სახელი და სამშობლოს სიყვარული კი საბოლოოდ შევიდა ქართული სპორტის (და არა მხოლოდ სპორტის) ისტორიაში, როგორც პროფესიონალიზმისა და სამშობლოს ერთგული შვილობის სახე და ხატი.
სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან უანგარო მსახურების მაგალითებს.
ბრავო, კაპიტანო!“, - წერს გია მურღულია.