ვილი სანიოლი: "ფეხბურთელებს გასახდელში ასეთი რამ ვუთხარი პირველი ტაიმის შემდეგ" » isport.ge
2 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ვილი სანიოლი: "ფეხბურთელებს გასახდელში ასეთი რამ ვუთხარი პირველი ტაიმის შემდეგ"

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად ალბანეთის ნაკრები გიორგი ქოჩორაშვილის ულამაზესი გოლით 1:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ვილი სანიოლი: "ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ის საუბარი იყო, რომელიც შესვენებაზე ფეხბურთელებთან შედგა. პირველი ტაიმში ბევრი რამ არ იყო კარგად, მაგრამ კარგი საუბარი გვქონდა მოთამაშეებთან. ვეცადეთ გამოგვესწორებინა შეცდომები და მეორე ტაიმში მეტი აგრესიით ვითამაშეთ. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. 

პირველ ტაიმში მიღებული დარტყმის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მატჩი ძლიერი ტკივილით ითამაშა. სურდა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო მოედანზე. ის ძალიან კარგი მოთამაშე და შესანიშნავი გუნდური მოთამაშეა. ეს აჩვენებს გუნდში არსებული ატმოსფეროს. ბოლო 15-20 წუთში მეტი მოძრაობა გვჭირდებოდა. ამიტომ, თამაშში ზურიკო დავითაშვილი ჩაერთო და ეს ძალიან კარგად გააკეთა.

B ლიგაში ყველა თამაში რთულია. ოქტომბრის მატჩებამდე ოთხი კვირაა, ფეხბურთელები კლუბში ბრუნდებიან და მსურს, რომ მომდევნო თამაშებს ტრავმების გარეშე შევხვდეთ. თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ ოქტომბერში იგივე მიდგომა და გარემო გვქონდეს გუნდში. მხოლოდ ასე შევძლებთ წარმატებული თამაშის გაგრძელებს.

ქართველმა ფეხბურთელებმა ბევრი რამ ისწავლეს ევროპის ჩემპიონატზე. დღევანდელი შეხვედრა ჩეხეთთან მატჩთან შედარებით ბევრად რთული იყო. პირველი ტაიმი კარგი არ ყოფილა, თუმცა სწორედ ასეთი თამაშები გვასწავლის, თუ რა გვაქვს გამოსასწორებელი".

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ ჯგუფში საქართველოს ნაკრები ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს. ამით სექტემბრის სანაკრებო პაუზა დასრულებულია. მე-3 ტურში ვილი სანიოლის გუნდი უკრაინას "სტუმრად" 11 ოქტომბერს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრას პოლონეთის ქალაქი პოზნანი უმასპინძლებს.

Facebook კომენტარები