საქართველოს საფეხბურთო ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ერთ-ერთ ინტერვიუში რუსეთში გატარებულ რთულ პერიოდზე ისაუბრა.
ის ამბობს, რომ 17 წლის ასაკში მისი ცხოვრება ძალიან რთული იყო:
"17 წლის ასაკში ძალიან მარტოსული ბიჭი ვიყავი. საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი, მეგობრები არ მყავდა. მგონი მხოლოდ მე და დაცვის ბიჭები ვიყავით. დანარჩენი მოთამაშეები სხვაგან ცხოვრობდნენ, მე სულ მარტო ვიყავი, მარტო დავდიოდი
ცოტა დამთრგუნველი ადგილი იყო. მართლა, არ ვხუმრობ! სადღაც უღრან ტყეში, გარეთ გასეირნებაც არ გამოდიოდა. სულ ბაზაზე ვიყავი, არსად არ გავდიოდი.
ღამე ბაზაზე შუქი არ იყო. ხანდახან ღამითაც ვვარჯიშობდი, დამატებით მინდოდა მუშაობა, თან უშუქოდ. ასეთ მომენტებში შეშინებული დაცვა მომვარდებოდა ხოლმე, სიბნელეში ვერ მცნობდნენ.
"ეი, ვინ დარბის მანდ?"
მე.
დაცვის ბიჭი კარგი ადამიანი იყო. სულ მეუბნებოდა: მორჩი რა, დაამთავრე. მაგრამ სხვა საქმე არ მქონდა, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. ასე ღამღამობით ვვარჯიშობდი, ყოველღამე"