"აი, მხოლოდ მაშინ ვიფიქრე, რომ გავიმარჯვებდი" - ჯოკოვიჩი დიდი ფინალის შემდეგ » isport.ge
3 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

"აი, მხოლოდ მაშინ ვიფიქრე, რომ გავიმარჯვებდი" - ჯოკოვიჩი დიდი ფინალის შემდეგ

ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავისი საჩოგბურთო კარიერა საბოლოოდ სრულყო! ერთადერთი, რაც ლეგენდარული სერბის ტიტულების კოლექციას აკლდა, ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი გახლდათ და ნოლემ დღეს ეს დანაკლისიც აღმოფხვრა.

37 წლის სპორტსმენი ფინალში 21 წლის ესპანელ ფენომენს, კარლოს ალკარასს დაუპირისპირდა. ნოვაკმა ორ სეტში მოიგო, მაგრამ არცერთი ბრეიკი არ შეუსრულებია. ორივე სეტი ტაიბრეიკამდე მივიდა და ორივეჯერ ჯოკოვიჩმა იმძლავრა - 7:6, 7:6. ფინალური შეხვედრის ხარისხსა და დაძაბულობაზე მეტყველებს ისიც, რომ მიუხედავად მხოლოდ 2 სეტისა, იგი 2 საათისა და 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ნანატრი ტრიუმფის შემდეგ ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა მცირე კომენტარიც გააკეთა:

"ორი სეტი ლამის 3 საათი ვითამაშეთ. ეს საოცარი ბრძოლა იყო. როცა ბოლო დარტყმამ მის გვერდით ჩაიარა, მხოლოდ იმ მომენტში ვიფიქრე, რომ გავიმარჯვებდი. რა თქმა უნდა, მჯეროდა, რომ გამარჯვება შემეძლო, თუმცა რეალურად მოგებას ვგულისხმობ.

ალკარასი ყოველთვის ბრუნდება და მუდამ მაიძულებს, რომ საუკეთესო ჩოგბურთი ვაჩვენო. ვფიქრობდი, რომ პირველი სეტი კარგად დავიწყე. შანსები ორივეს გვქონდა. ორივე სეიტის ტაი ბრეიკზე დასრულება სამართლიანი იყო. მეტოქის დაბრეიკების შესაძლებლობა ორივეს რამდენჯერმე გაგვიჩნდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ჩაწოდებას ვინარჩუნებდით. ამ თამაშში სასწორზე ჩემი გული, სული, სხეული, ოჯახი, ყველაფერი დავდე.

ოლიმპიური ოქრო 37 წლის ასაკში მოვიგე. როგორც იქნა, ეს გავაკეთე. უპირველეს ყოვლისა, ეს ჩემს ქვეყანას ეხება. სერბეთის სახელით გამოსვლა თავს ამაყად მაგრძნობინებს. ვიცი, რომ კარლოსს და რაფას (ნადალს) უყვართ ესპანელის სახელით თამაში, იგივე ითქმის ენდისა (მარი) და დიდ ბრიტანეთთან და როჯერსა (ფედერერს) შვეიცარიასთან დაკავშირებით. ტოკიოში გერმანიისთვის ოქრო ალექსანდრმა (ზვერევი) მოიგო. ყველა მათგანის რეაქციები ნახეთ და მიხვდებოდით, რომ მათთვის ეს გამარჯვებ ძალიან ბევრს ნიშნავდა."

აქვე გეტყვით, რომ პარიზის ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირის ბრინჯაოს მედალი ლორენცო მუსეტის დარჩა. მესამე ადგილისთვის მატჩში მან კანადელი ფელიქს ოჟერ ალიასიმი დაამარცხა.

Facebook კომენტარები