როგორც მოგეხსენებათ, იტალიურმა "ნაპოლიმ" მთავარი მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ნეაპოლელებმა ვალტერ მაცარის კარისკენ მიუთითეს, მის შემცვლელად კი 55 წლის სპეციალისტი, ფრანჩესკო კალცონა მოიყვანეს, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.
ქართველი გულშემატკივარი კალცონას კარგად ნამდვილად არ იცნობს, ამიტომ შემოგთავაზებთ 5 საინტერესო ფაქტს ფრანჩესკოს შესახებ:
1. კალცონას "ნაპოლიში" მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. 2015-2018 წლებში იგი მაურიციო სარის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ, 2021-2022 წლების სეზონში კი ლუჩიანო სპალეტის ასისტენტის მოვალეობას ასრულებდა.
2. 2022 წლის 30 აგვისტოს ფრანჩესკო სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს ჩაუდგა სათავეში. ის ამ ნაკრების ისტორიაში მეორე უცხოელი მწვრთნელია და თავის საქმეს წარმატებით ასრულებს - "შევარდნები" მან ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. კალცონა სლოვაკებს ევროპის ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს, რადგან იგი ნეაპოლში დროებითი მწვრთნელის სტატუსით მოდის. ახლა იგი ერთდროულად ორი გუნდის მესაჭეა.
3. იტალიელი სპეციალისტის საყვარელი განლაგება 4-3-3-ია, რაც აურელიო დე ლაურენტისს ძალიან უნდა მოსწონდეს. ფრანჩესკო აქცენტს ვერტიკალურ, სწრაფ ფეხბურთზე აკეთებს.
4. ხვიჩა კვარაცხელია არ იქნება პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელთანაც კალცონა იმუშავებს. 2012-2015 წლებში ის "ემპოლის" სამწვრთნელო შტაბში იყო დასაქმებული, მაშინ კი ტოსკანელთა ღირსებას ლევან მჭედლიძე იცავდა.
5. საინტერესოა, რომ ფრანჩესკოს საფეხბურთო კარიერაც ჰქონდა, თუმცა ძალიან ხანმოკლე. სერია B-ს 1986-1987 წლების სეზონში მან "არეძოსთან" ერთად 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთხელ კი კოპა იტალიაზე ითამაშა.
კალცონას სამწვრთნელო დებიუტი ნეაპოლში ხვალ შედგება. იგი თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში გაიყვანს და "ბარსელონას" დამარცხებას ეცდება.