ცნობილი კლუბების წარმომადგენლები „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებებს აგრძელებენ. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის საკითხი უკვე დიდი ხანია, რაც აქტიურად განიხილება. “Corriere dello Sport”-ის ინფორმაციით, იტალიური კლუბის მფლობელმა საბოლოოდ შეარჩია ის თანხა, რის სანაცვლოდაც ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა სასურველი იქნება.
აურელიო დე ლაურენტისს პირველ რიგში „“პარის სენ-ჟერმენის“ და „ბარსელონას“ სამიზნე ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. კვარაცხელიას აგენტთან და ბადრი კვარაცხელიასთან კიდევ ერთი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აურელიო დე ლაურენტისი კლუბში დარჩენის სანაცვლოდ ხვიჩას ხელფასის 4 მილიონამდე გაზრდას განიხილავდა. თუმცა, ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლებისთვის აღნიშნული თანხა საკმარისი არ გამოდგა.
სავარაუდო ხელფასის ოდენობასთან ერთად, „ნაპოლის“ და ხვიჩა კვარაცხელიას შორის გასაფორმებელი ახალი კონტრაქტი იტალიურ კლუბში 2028 წლის სეზონის დასასრულამდე დარჩენასაც ითვალისწინებს. ამასთანავე, კლუბის მფლობელის მოთხოვნით, ქართველი ფეხბურთელის შეძენის მსურველებს მინიმუმ 120 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. სატრანსფერო ჭორების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა „“პარის სენ-ჟერმენის“ და „ბარსელონას“ წარმომადგენლებისთვის ზედმეტად ბევრია.