საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, პოლონეთს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა (ძირითადი დრო – 1:1; პენალტების სერია – 2:1).
თავიდან თამაშს პოლონელები აკონტროლებდნენ და ლოგიკური იყო, რომ მე-5 წუთზე ლუკაშ ბიელის დარტყმით წინ გავიდნენ. თუმცა, მე-6 წუთზე სტანდარტული მდგომარეობის გათამაშება ლაშა ფოფხაძემ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
მეორე ტაიმში პოლონელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და წინ გასვლაც შეეძლოთ, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილი შესანიშნავად თამაშობდა და, საბოლოოდ, მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
ძირითადი დრო (სულ 50 წუთი, 25-25-წუთიანი ტაიმები) გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი არ აღმოჩნდა და დაინიშნა პენალტების სერია. თერთმეტმეტრიანები საქართველოს ნაკრებმა უკეთ შეასრულა (2:1) და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც უკრაინას ან პორტუგალიას შეხვდება.