ჩელსისთან მატჩის შემდეგ კვარაცხელიას ინტერვიუ ლეგენდარულმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა ჩამოართვა, რომელიც CBS Sports Golazo-სთვის მუშაობს. დანიელთან საუბარში ხვიჩამ თქვა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, 90 წუთს ითამაშებს თუ 10 წუთს - მთავარია, გუნდისთვის მაქსიმუმი გააკეთოს:
"შეტევაში ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, ამიტომ პატივს ვცემ მწვრთნელის გადაწყვეტილებას. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს 10 წუთს ვითამაშებ თუ 90 წუთს, მინდა ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და სწორედ ეს გავაკეთე. ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჩემი თამაში არ იყო, მთელი გუნდის ძალიან კარგი თამაში იყო. წინ კიდევ საპასუხო თამაშია და მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრაცია შევინარჩუნოთ, რადგან ჯერ ყველაფერი დასრულებული არაა".
შმეიხელმა თქვა, რომ 5:2 უცნაური ანგარიშია, რადგან უფრო თანაბარი თამაში იყო, რასაც კვარამ ასე უპასუხა: "ყველაზე კარგი ის იყო, რომ მაშინაც კი, როცა ანგარიში 4:2 იყო, კიდევ გოლების გატანა გვინდოდა. ყველა ფეხბურთელმა შესანიშნავად იმუშავა და ძალიან კარგად ვითამაშეთ. ვფიქრობ, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და წინსვლა".
ხედავს თუ არა, მსგავსებას გასულ სეზონთან - ხვიჩა ამბობს: "დიახ, შარშანაც სეზონის დასაწყისი რთული იყო. ვიმედოვნებ, რომ წელსაც იგივე მოხდება. რა თქმა უნდა, კონცენტრირებული ვიქნებით ჩვენს თამაშებზე და ყველაფერს გავაკეთებთ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად". - ამბობს კვარა.