საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა თბილისში დანიასთან მოგებული შეხვედრა შეაფასა.
„მიზანი მიღწეულია, თუმცა გზა მარტივი არ ყოფილა. ვმუშაობთ იმაზე, რომ ყოველი მომდევნო შეხვედრა მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩავატაროთ და ვფიქრობ, პროგრესის რესურსი ჯერ კიდევ გვაქვს.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ მოთამაშეს, რომელიც ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ ჩამოვიდა. მატჩებამდე აქ გავიარეთ მოსამზადებელი შეკრება, შემდეგ კი დანიაში გავემგზავრეთ. ეს ორი გამარჯვება იმ მოთამაშეების დამსახურებაცაა, ვინც მოსამზადებელი ეტაპის პირველ ნაწილში დაგვეხმარა და გუნდთან ერთად იმუშავა.
რაც შეეხება დანიას, ისინი სწორ მიმართულებას მიჰყვებიან, უკვე ახლა ამზადებენ ახალგაზრდულ გუნდს 2029 წლის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ვფიქრობ, ეს გრძელვადიანი და გამართლებული სტრატეგიაა.
მერკვილაძეს დრო მივეცით და თავის მონაკვეთში სასარგებლო იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, მეტის გაკეთება შეუძლია. ხატიაშვილის შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია და გულწრფელად რომ ვთქვა, ეს მდგომარეობა არ მომწონს. ის 17 წლის კალათბურთელია და სამწუხაროა, რომ კლუბი არ აძლევს შესაძლებლობას, ნაკრებთან მეტი დრო გაატაროს. ნიჭიერი ბიჭია, თუმცა ბევრი აქვს სამუშაო – პირველ რიგში საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობაზე უნდა იზრუნოს.
მას ორი წელია ვიცნობ და მისი პროგრესით კმაყოფილი არ ვარ. თუ სურს პროფესიონალი გახდეს და იმ დონეზე ავიდეს, რომლის პოტენციალიც აქვს, გარკვეული საკითხები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ნიჭი ნამდვილად აქვს, მაგრამ 1991 წლიდან მწვრთნელი ვარ და და არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა მინახავს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოიყენეს.
იმედი მაქვს, სწორად ესმის, რას ნიშნავს პროფესიონალიზმი. პროფესიონალი ნიშნავს, რომ ყველაფერი გვერდზე გადავდოთ. ეს პროფესია და შემოსავლის წყაროა, ჰობი არ არის. ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, თუ მუდმივად ვეტყვით, რომ დრო აქვს. დრო ძალიან სწრაფად გადის და ეს მან უნდა გააცნობიეროს“, – აღნიშნა ჯიკიჩმა.
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. პირველი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 2 ივლისს უკრაინასთან სტუმრად გამართავს, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს უმასპინძლებს.