1 დღის და 13 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"27 წლის ასაკში ვიყავი და ფორმის პიკში გახლდით. მერე ექიმებმა მითხრეს...." - ბექა ღვინიაშვილის გულწრფელი სიტყვები

ყოფილმა ქართველმა ძიუდოისტმა, ბექა ღვინიაშვილმა გადაცემა Club4-ში სტუმრობისას კარიერის დასრულების მიზეზებზე ისაუბრა:

"ვემზადებოდი მასტერსისთვის. მაშინ "ადამსის პროგრამაზე" ვიყავი. მარტივად რომ ვთქვა, იარაღი როგორც გადაადგილდება, ეგრე გადავადგილდებოდით სპორტსმენებიც, ყოველდღე უნდა შეავსო სად იმყოფები და სად იქნები, რადგან წინასწარ არ გირეკავენ, მაშინვე მოდიან და ზუსტად 1 საათს გაძლევენ დროს, თუ არ გამოცხადდები, პირველად და მეორედ არიდებას გიწერენ, მესამედ კი დისკვალიფიკაციას გაძლევენ.

ყველაზე გასაკვირი რა იყო იცით? წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო. ასეთი შემთხვევა ადრე არასდროს ყოფილა და ზუსტად ეგ დოპინგის ჩაბარება იყო, რომ, მითხრეს "ოსტარინი" ამოგივარდაო. მანამდე ზედიზედ 5 გრანდ-სლემი მქონდა მოგებული და ძალიან მაგარ ფორმაში ვიყავი. 27 წლის ასაკში ვიყავი და ფორმის პიკში გახლდით. მერე ექიმებმა მითხრეს, ისეთი დოზა ამოგივარდაო, შენ რომ ნამდვილად ყოფილიყავი ამის მიმღები, ხუთივე შეჯიბრებაზე ამოგივარდებოდაო. თავისთავად ხუთივე შეჯიბრებაზე წინასწარ შემამოწმეს. ჩემი ფიზიკურობიდან გამომდინარე, შეჯიბრებაზე წამიგია და მაინც მამოწმებდნენ ხოლმე.

შემიძლია დავიფიცო, რომ პროტეინსაც კი არ ვსვამდი, "ოსტარინი" საერთოდ არ ვიცი რა არის. ყველაზე მეტად რაზეც გული დამწყდა, არის ის, რომ დახმარების სურვილი არავინ გამოხატა. ერთადერთი კაცი, რომელიც გამოჩნდა და შემომთავაზა თანხით გვერდზე დგომა, ადვოკატები და მსგავსი დახმარება, ეს იყო ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი. რაც შეეხება დანარჩენ ადამიანებს, ვისაც ამ საქმის სააშკარაოზე გამოტანა შეეძლოთ, თითს ერთმანეთისკენ იშვერდნენ. ვიომეთ, ვიწვალეთ მე და ჩემმა ადვოკატმა, მაგრამ ვერაფერს ვერ გავხდი", - განაცხადა ღვინიაშვილმა.

Facebook კომენტარები