1 საათის და 14 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ოფიციალურად - ლუკა გუგეშაშვილს თურქულმა კლუბმა განაჩენი გამოუტანა

„გიოზთეფე“ ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის გაშვებას გეგმავს. 

ქართველი ფეხბურთელი, რომელიც განაცხადს მიღმა დარჩა, გუნდის დატოვების ზღვარზეა, – ამ ინფორმაციას თურქული გამოცემა Haberler-ი ავრცელებს.

„მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, რომელიც „გიოზთეფედან“ დისციპლინური დარღვევის გამო მოკვეთეს, ძირითად შემადგენლობას ოთხი კვირის შემდეგაც არ დაუბრუნდა. კლუბის კარს კი ახლა ახალგაზრდა არდა ოზჩიმენი იცავს.

„გიოზთეფემ“ ქართველი მეკარე გულშემატკივრებთან დაპირისპირების გამო დასაჯა. მან „გაზიანთეპთან“ მატჩის პირველ ტაიმში ოთხი გოლი გაუშვა, შეხვედრა კი „გიოზთეფემ“ საკუთარ მოედანზე ანგარიშით 2:4 დათმო. წაგებას გულშემატკივართა მწვავე პროტესტი მოჰყვა, გუგეშაშვილმა კი სოციალურ ქსელში ფანების მისამართით გაკეთებული კომენტარების გამო დამატებითი კრიტიკა დაიმსახურა.

„გიოზთეფეს“ ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ქართველი მეკარე კვლავ განაცხადს მიღმა რჩება. მომხდარიდან სამი კვირის გასვლის მიუხედავად, „ყვითელ-წითლებმა“ პოზიცია არ შეცვალეს და მას ეს ინციდენტი არ აპატიეს.

მოსალოდნელია, რომ 27 წლის მეკარე, რომელიც თურქულ კლუბს ზაფხულში ბერძნული „პაოკიდან“ იჯარით შეუერთდა, გუნდს ზამთარში დატოვებს. მისი მოკვეთის შემდეგ „გიოზთეფეს“ კარს კლუბის აკადემიის აღზრდილი, არდა ოზჩიმენი იცავს,“ – წერს თურქული გამოცემა.