ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი სპორტსმენი ტატო მოსახლიშვილი ტატამზე გასვლას ვეღარ შეძლებს.
26 წლის ასაკში ის იძულებულია კარიერა დაასრულოს, რაშიც ექიმებს ადანაშაულებს.
მოსახლიშვილი ამბობს, რომ ბოლო ოლიმპიადაზე მიღებული ტრავმის შემდეგ, საქართველოში მკურნალობა გადაწყვიტა, მიმართა ერთ-ერთ კლინიკას, სადაც ოპერაცია და 3 ინექცია ჩაუტარდა.
მოსახლიშვილი ამბობს, რომ სწორედ სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ, სახსარში ძლიერი ტკივილები დაეწყო და შეშუპება განუვითარდა:
"ძალიან ვწუხვართ, ჩვენი ბრალი არ არის ის რომ ესე გჭირს, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, კი ჩვენი მხრიდან გაგიკეთდა ინექცია, მაგრამ ეგ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოსო. მაგრამ ისეთი მდგომარეობაა დღეს, მათ თუ არა, ვის უნდა მოვთხოვო პასუხისმგებლობა.
მათ გამიკეთეს ის ორი ინექცია და ის ბოლო ინექციაც მუხლი რა მდგომარეობაშიც მქონდა, რომ ვერც დავდიოდი და ვერც ვხრიდი. მაქვს მაგის ყველა ვიდეომასალა. ერთ კვირაში მივდივარ ისრაელში სამკურნალოდ, ოღონდ არ ვიცი რამდენად იმოქმედებს მკურნალობა, რაზეც მითხრეს, რომ ჩვენი მხრიდან მაინც ვცადოთო. არ ვაპირებ ჩუმად ყოფნას, აუცილებლად სამართლებრივად მოვთხოვ პასუხს, ჩემსას მაქსიმალურად ვეცდები".