5 საათის და 6 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ქართველების დამარცხება განსაკუთრებული ბედნიერებაა" - არბუზოვი

სერბეთში, ქალაქ ბელგრადში, საქართველოს ძიუდოს ნაკრები, ევროპის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ჩავიდა. სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა ტიტული ვერ დაიცვა, თუმცა ვერცხლის მედალი მაინც მოიპოვა.

ფინალში საქართველოს რუსეთის ნაკრები შეხვდა, რომელმაც ავსტრიისა და თურქეთის გზა 4:0-ით გაიარა. პირველ 2 შეხვედრაში დემეტრაშვილი და ლიპარტელიანი დამარცხდნენ, შავდათუაშვილმა გაიმარჯვა, ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში ნინო გულბანმა დათმო შეხვედრა - საჭიროების შემთხვევაში, ბოლო შეხვედრა, ლუკა მაისურაძესა და ტიმურ არბუზოვს შორის უნდა გამართულიყო. რუსეთმა 4:1 მოიგო და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალსაც დაეუფლა.

ასე და ამგვარად, ევროპის ჩემპიონები რუსები გახდნენ, რომელთა ერთ-ერთმა ლიდერმაც - ტიმურ არბუზოვმა, რომელიც 90 კგ-ში პირველად ასპარეზობდა და თანაც საკმაოდ ძლიერად, ტრავმიდან დაბრუნებისა და გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"შერეული გუნდური პირველობის მოგება დიდი ბედნიერებაა - ჩვენ ჩემპიონები ვართ.

ტრავმის შემდეგ პირველად ვიჭიდავე და თანაც ახალ წონაში - ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ტატამიზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ გამარჯვებით და თანაც შენი ქვეყნის წარმატებით ბრუნდები.

ფინალამდე მარტივად მივედით, აშკარაა რომ ჩვენი გუნდი საოცრად იყო მომზადებული ამ შეჯიბრისთვის - ფინალში ქართველების დამარცხება განსაკუთრებული ბედნიერებაა, რადგან ისინი ძალიან ძლიერები არიან და ამ სპორტში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან.

არაფერი პირადული, მე ბევრ ქართველ ძიუდოისტთან ვმეგობრობ და ფინალის შემდეგაც გადავიღე მათთან არაერთი ფოტო..."

- ტიმურ არბუზოვი

აქვე შეგახსენებთ, რომ მოპოვებული ვერცხლი საქართველოს ვაჟთა და გოგონათა შერეული ნაკრებისთვის ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე რიგით მე-5 მედალია და ამ მაჩვენებლით პირველები ვართ - 4-4 მედალი აქვთ რუსეთსა და საფრანგეთს.

ასევე ჩვენს ანგარიშზეა 3 ოქრო და ამ კონპონენტშიც საუკეთესო შედეგი გვაქვს - საფრანეთი და რუსეთი ჩემპიონები 2-2-ჯერ გახდნენ.